საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას ელოდება.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ეკონომიკური გამოწვევები არის უკიდურესად მნიშვნლოვანი.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ველოდებით და შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს. ასევე მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც დაიცავს ბალანსს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს შორის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პროცესში დღეს ჩართულები არიან საქართველოში დღეს ყველაზე დიდი რეპუტაციისა და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო ფონდები.

„ეს გეგმა უკვე არსებობს და ახლა ჩვენ ამ გეგმების დეტალებზე ვმუშაობთ. მიდგომა აქ მარტივია, პრიორიტეტი რა თქმა უნდა, არის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენი მოქალაქეების. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ  ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე, ჯანმრთელობის და ეკონომიკურ განვითარების, არც ერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე, გამარჯვებას ფასი არ ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Please follow and like us: