პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორის სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე მოლაპარაკებები დასრულდა, რაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებით 447 მილიონ დოლარს ნიშნავს.

გარდა ამისა, როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წლის ბოლომდე საერთაშორისო დონორების მხრიდან საქართველო წლის ბოლომდე 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს მიიღებს.

„საქართველოში ინფიცირების შედარებით მცირე რაოდენობა არის მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურება, რომ ჩვენ ერთ-ერთმა ყველაზე ადრე დავიწყეთ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეზღდუვების შემოტანა. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პირველთა რიგებში ვიყოთ, როდესაც ეკონომიკის აღდგენაზე დავიწყებთ საუბარს. ამის გაცხადების საშუალებას მაძლევს არამხოლოდ ჩვენი მთავრობის პროგნოზები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე მინდა გითხრათ და გაცნობოთ, რომ ჩვენ დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდათ მოლაპარაკება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში შემოვა. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომელიც უკვე მიღწეულია. მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ყველა ეს დონორი ორგანიზაციაა, რომლებთან პირველადი მოლაპარაკებების შედეგად დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ დონორების მხრიდან წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის სახით, შემოსული იქნება დამატებით მილიარდ 500 მილიონი დოლარი”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, იგივე დონორი ორგანიზაციები მზად არიან, იმავე ოდენობის თანხით კერძო და საფინანსო სექტორს დაეხმარონ.

„ჩვენ გვქონდა და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორთან. მათთან ერთად, მათი თხოვნით და მათი მხარდაჭერის მიზნით, იმავე სახის მოლაპარაკებები გვქონდა იმავე დონორ ორგანიზაციებთან. მათ განაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს დაეხმარონ მილიარდ 500 მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც ამ დონორ ორგანიზაციებში მობილიზებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საჭირო კერძო სექტორისა და საფინანსო სექტორის მხრიდან, ჩვენს ბიზნესს შეეძლება ამ თანხის ათვისება. ეს იყო მძიმე სამკვირიანი მოლაპარაკებები, რომლებშიც ჩვენ გამოვიყენეთ ყველა მისაღები და ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ არაერთგაროვანი ხერხები და მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. ეს არის ის კრიზისული დახმარების ძირითადი საბაზისო პორტფელი, რომელზეც პირველადი შეთანხმება შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად დავიწყოთ რეალური მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე,” – აღნიშნა პრემიერმა

Please follow and like us: