სხვა ქვეყნების მსგავსად, დღეს ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი შეზღუდვა მოქმედებს. მანამ, სანამ „კომენდანტის საათის“ დრო მოახლოვდება, მშენებლობები კვლავ აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. რამდენად არის შესაძლებელი, შესაბამისი პროცესები უსაფრთხოდ მიმდინარეობდეს პანდემიის პირობებში? აღნიშნულის შესახებ განცხადება სულ ცოტა ხნის წინ, 20 მარტს ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ არ არსებობს საჭიროება, შეიზღუდოს  სამშენებლო სამუშაოები.

„ჩვენ სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან ექიმებსა და ეპიდემოლოგებთან კონსულტაცია გვაქვს და ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ ამ სფეროში ვირუსის გადაცემის რისკები არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე – სხვაგან, რადგან სამუშაოები მიმდინარეობს ღია სივრცეში და გვაქვს საშუალება, რომ ამ სფეროს მივცეთ ფუნქციონირების საშუალება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

21 მარტს კი აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მშენებლობები შეუფერხებლად გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვითა და ჰიგიენის წესების დაცვით – „შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას წარმოებები. გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მშენებლობები, სატრანსპორტო სექტორის, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა. ამ მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული ამკრძალავი ნორმის დაწესება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ცხადია, ყველა ამ სექტორმა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“. გარდა ამისა, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მაშინვე აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობით არ იქნებოდა გათვალისწინებული, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება.

შესაბამის საკითხზე „თბილისი თაიმსი“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ირაკლი როსტომაშვილს ესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, შესაბამისი სამუშაოები განსხვავებულია და მიდგომებიც კონკრეტული ტიპის სამუშაოს მიხედვით უნდა განისაზღვროს. როსტომაშვილის შეფასებით, თუ სამუშაოს შესრულების დროს სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, აქ, ალბათ, შეზღუდვის დაწესება იქნება საჭირო, ხოლო სადაც ეს შესაძლებელია, საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა იყოს.

„როდესაც მუშაობს ისეთი მანქანა, რომლის კაბინაშიც ერთი ადამიანია და ასე სრულდება მიწის სამუშაო, ეს სახიფათო ვერ იქნება სოციალური დისტანციის თვალსაზრისით, თუმცა, თუკი სამუშაო ისეთია, რომ დახურულ სივრცეში რამდენიმე ადამიანს ერთად უწევს ყოფნა, იქ მუშაობა უნდა აიკრძალოს“,  – განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.

ცნობისთვის, შესაბამისი სამუშაოების მონიტორინგი რეგულარულად ხორციელდება.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: