ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული ზომების შემსუბუქება დიდი რისკია. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ძალიან დიდი რისკია ამ საგანგებო ზომების შემსუბუქება, ძალიან საპასუხისმგებლოა. ერთი მხრივ, ყველა ხვდება, რომ რაც უფრო მკაცრია საგანგებო ზომები, მით უფრო ეფექტურად შეჩერდება ეპიდემია, ამას არავინ არ უარყოფს, მთელ მსოფლიოში. მეორე მხრივ, არ შეუძლიათ ადამიანებს დიდხანს ასე ცხოვრება და ეკონომიკაა რეცესიაში”, — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, უნდა შეძლონ და ისეთი ოქროს შუალედი იპოვონ, რომ არც ეკონომიკა და არც ჯანმრთელობა არ დაზარალდეს. მისი ვარაუდით, უახლოეს ერთ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, შემდეგ იქნება პლატო და დაღმავალი სვლა.

თენგიზ ცერცვაძემ ყველას მოუწოდა, რომ კიდევ ცოტა ხნით “გაიჭირვონ, რომ ეს მართლაც ცოტა ხნით გაგრძელდეს”.

 

Please follow and like us: