რამადანი იგივე მარხვის თვე, ისლამურ სამყაროში 30 დღე გრძელდება.
ამ ხნის განმავლობაში, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, ყველა მუსლიმი მარხულობს.
ეს პერიოდი, მორწმუნეებისათვის საკვებზე უარის თქმის გარდა, ალლაჰის საამებელ საქმეებს, ლოცვას, მოწყალებას, მოთმინებას, თავმდაბლობასა და სულიერ სიმშვიდეს გულისხმობს.
რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწარმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია.
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
,,ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისგან”.
(სურა ,,ბაყარა”, აია183).
მარხვა არაბულად ჟღერს, როგორც ,,სიამ” და ნიშნავს რაიმესგან შორს დგომას, რაიმესგან თავშეკავებას, შეწინააღმდეგებას, მარხვის დაცვას. ეს არის გამთენიისას, მეორე გარიჟრაჟის დაფიქსირების დროიდან საღამოს, მზის ჩასვლამდე, ამ დროის მონაკვეთში, ჭამა-სმისგან და სხვა მარხვის დამრღვევი ქმედებებისგან თავის შეკავება.
რამადანის თვის მნიშვნელობა უპირველესად განისაზღვრება ყურანის მთლიანი ფორმით დედამიწის ცამდე ზეგარდმოვლენებით. ეს მოხდა რამადანის თვეში, კერძოდ ყადირის ღამეს.
ყურანში ნაბრძანებია:
,,რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისგან და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰის ნებაა თქვენთვის შვება და არა ვნება და რომ შეასრულოთ ეს რაოდენობა და ადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაგადგინათ. ეგებ მადლიერნი იყოთ!”
(სურა ,,ბაყარა”, აია 185).
რამადანის თვეში მარხვა ყოველი მუსლიმის ვალდებულებაა. მუსლიმები ალლაჰის შიშით, ალლაჰის სიყვარულით, ალლაჰის ხათრით უარს ამბობენ ამქვეყნიურ სიამეებზე და მოთმინებით ემსახურებიან მას.
ყურანში ნაბრძანებია:
,,ჭამეთ და სვით ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან. მერე სრულჰქმენით მარხვა ღამემდე და როცა სამლოცველოებში ღვთისმსახურებად ხართ შემდგარნი (იღთიქაფის დროს) არ თანაეცხოვროთ მათ (ცოლებს). ესაა საზღვრები ალლაჰისა და არ მიუახლოვდეთ მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, ეგების დაცული იქმნათ ყოველივე ცუდისგან”.
(სურა ,,ბაყარა”, 2:187).
ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) თქვა:
,,ვინც რწმენით და სამაგიეროს ღმერთისგან მოლოდინით რამადანის თვეში მარხვას დაიცავს წარსულის ცოდვები მიეტევება!”
მარხვა ადამიანს მოთმინებას აჩვევს. ყოველდღიურ ცხოვრებაში მოთმინება ამქვეყნიური და მიღმიერი ცხოვრებისთვის ბევრ სარგებელს განაპირობებს.
უზენაესი ალლაჰიც სწორედ ამას ბრძანებს: ,,ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ეძიეთ შველა მოთმინებასა და ლოცვაში, უეჭველად, ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა”.
(სურა ,,ბაყარა”, აია 153).
რამადანი მუსლიმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და მადლიანი თვეა. აბუ ჰურაირას მიერ გადმოცემულ ჰადისში, მუჰამმად შუამავალი (ს.ა.ვ) ამბობს:
,,რამადანის თვე რომ დადგება, სამოთხის კარები გაიღება, ჯოჯოხეთის კარები იხურება და სატანა ჯაჭვით არის დაბმული!”
მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია: ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება.
ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე ანუ იფთარზე მიპატიჟება.
მარხვა ყველა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. რამადანის დროს მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფი ადამიანებსა და ფეხმძიმე ქალებს უფლება აქვთ მარხვა დაარღვიონ თუმცა წელიწადის სხვა დროს მათ ეს მარხვა აუცილებლად უნდა დაიცვან.
რამადანი 30 დღის განმავლობაში გრძელდება და 3 დღიანი ზეიმით სრულდება.
თეოლოგი, ლაშა ჯიხვაშვილი