თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი განმარტებით, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.

მისივე თქმით, მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს დამატებითი დრო.

“ეს ეხება როგორც მარნეულს, ასევე დანარჩენ რეგიონებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება სწრაფად და ეფექტურად მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე პასუხისმგებლიანად უდგებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ასევე გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის და სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა,” – განაცხადა გახარიამ.

ამასთან,პრემიერის განცხადებით, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.

Please follow and like us: