ბრძოლა covid-19-ის წინააღმდეგ გრძელდება. მსოფლიო ამ გამოწვევას კვლავ ეომება. საქართველოს, ამ პატარა ქვეყნის წარმატებებს კორონავირუსის წინააღმდეგ პაექრობაში უცხოური არაერთი მედიასაშუალება ეხმაურება და მსოფლიო აღფრთოვანებას ვერ მალავს. და მაინც, რამდენად უსაფრთხოა დღეს თბილისი? რა გზა გამოიარა მან დღევანდლამდე? რა ეტაპზეა საქართველოს დედაქალაქი? როგორ მოხერხდა ადამიანების მასის კონტროლი?
როგორც არაერთი დედაქალაქისთვის არის დამახასიათებელი, თბილისი იქცა იმ რეკომენდაციის რთულად დაცვის ცენტრად, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის უმთავრესი აღმოჩნდა – ადამიანებს დაეცვათ დისტანცია. სწორედ ეს გახდა უპირველესი მიზეზი, რის გამოც, შეიძლება ითქვას, საქართველოს დედაქალაქი დაიცალა – ადამიანებმა თავი უსაფრთხო სივრცეებს, საკუთარ სოფლებს შეაფარეს. დროთა მანძილზე ერთ სივრცეში თავმოყრილი არაერთი შენობის, ხმაურიანი ადგილების „საცავი“ მომენტალურად შესუსტდა ადამიანებისგან. თბილისი, მეტნაკლებად, უსაფრთხო გახდა.
მოქალაქეები რეგიონებში წავიდნენ, ისინი გაიფანტნენ, მთელს საქართველოში განაწილდნენ და, ამდენად, დედაქალაქს გარკვეულმა პასუხისმგებლობებმა გვერდი აუარა. ვინაიდან ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი პროცესი ერთმანეთის პარალელურად დღემდე ვითარდება, საჭირო გახდა უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა არაერთი ადამიანი მიიღო. მათ ის მოქალაქეები ჩაანაცვლეს, რომლებმაც საკუთარ სოფლებს მიაშურეს. ამ პირებმა მიიღეს პირდაპირი ვალდებულებები, რომ 2-კვირიანი კარანტინი გაევლოთ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა შესაბამის რისკებს. გამომდინარე იქედან, რომ ყველამ ვერ გაიაზრა სავარაუდო საშიშროება, დედაქალაქში თავი მოიყარა მსოფლიომოვლილმა არაერთმა ადამიანმა, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხე თბილისში კვლავ გააცოცხლა.
სწორედ მოქალაქეების მხრიდან მომდინარე დაუმორჩილებლობის გათვალისწინებით, არაერთი სამართალდარღვევის შეჯამების შედეგად, საჭირო გახდა, რომ დედაქალაქი, სხვა სამ დიდ ქალაქთან ერთად, ჩაკეტილიყო. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლო გახადა, უსაფრთხოების დონე აწეულიყო. უკვე მიმდინარე კვირის ბოლოს პრემიერმინისტრი გააჟღერებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ადღდგეს თუ არა თბილისში შესვლა-გამოსვლა. ამისთვის საჭიროა იმის თვალსაჩინოება, რომ, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თბილისი, მეტნაკლებად, შეძლებს უსაფრთხოების ზომების დაცვასა და შენარჩუნებას.
დღეს საქართველოს – ისევე, როგორც მსოფლიოს მოსახლეობა – გაცილებით იმედიანად არის განწყობილი. ჩვენს ქვეყანაში უკვე რეალური მოლოდინი აქვთ, რომ მთლიანად საქართველო სულ მალე დაამარცხებს პანდემიას. აქ ადამიანები მაისის თვის გასვლასა და ზაფხულის მოსვლას ელოდებიან, რომ თავი მშვიდად იგრძნონ.
ავტორი: მარიამ ტიელიძე