გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-10 ადამიანი მათი პაციენტი იყო.

ჰოსპიტალში ამბობენ, რომ 45 წლის ქალი თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა.

“პაციენტი, სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები”, — ამბობენ გორის ჰოსპიტალში.

მათივე ინფორმაციით, მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 288 გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 459.

Please follow and like us: