12 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

მართლმადიდებლურ თეოლოგიაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და არაერთგვაროვან მოვლენას წარმოადგენს საკითხი, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის შესახებ. წინამდებარე სტატიაში შევეცდები, რომ განვიხილო და გავაანალიზო მართლმადიდებლური თეოლოგიის ის ნაწილი, რომელიც მამაკაცისა და ქალის თანასწორობის იდეას ეხმიანება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

სტატიაში საკითხი განხილულია, ახალი აღთქმის სწავლების მიხედვით.

იესო ქრისტეს მოძღვრება და ხედვა იმდროინდელი კულტურისა და საზოგადოებისთვის რევოლუციურ სიახლეს წარმოადგენდა. ადამიანზე, როგორც უმაღლეს ღირებულებაზე, განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება და სოციალური ურთიერთობების სიყვარულის კონცეფციაზე აგება, იმჟამინდელი პოლიტიკურ-რელიგიური იერარქიისათვის ძალზედ მნიშვნელოვან გარდატეხას წარმოადგენდა.

იესო ქრისტეს დამოკიდებულება ქალებისადმი თავისუფალი იყო ყოველგვარი გენდერული ტაბუებისგან. იგი პირდაპირ არ ეხებოდა ამ საკითხებს, მაგრამ თავისი მოღვაწეობითა და დამოკიდებულებებით  მაღლა იდგა ყოველგვარ ნეგატიურ წინასწარ განწყობაზე. წმიდა სახარება ნათლად წარმოგვიჩენს, რომ  ქრისტე მეძავებთან საუბარს არ გაურბოდა. ჩვენ ასევე სახარებიდან ვიცით, რომ მან სულით თაყვანისცემის შესახებ სწავლება გაუზიარა, „საეჭვო ყოფაქცევის“ მქონე სამარიტელ  ქალს იაკობის ჭასთან (იოან. 4:23), რომელსაც  ხუთი „ქმარი“ ჰყავდა და იმჟამად მეექვსესთან თანაცხოვრობდა, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა ქალების მაშინდელ სქესობრივი ცხოვრების ნორმებს.

იესო ასევე შემწყნარებლურად ეკიდება ქალს, რომელსაც ფარისეველნი  და მღვდელმთავარნი მეძავობაში ადანაშაულებდნენ და რომელიც, ძველი აღთქმის კანონების თანახმად ჩაქოლვას იმსახურებდა (იოან. 8:7). იესო ქრისტე თანაბრად იყენებდა მამაკაცისა და ქალის მაგალითებს თავის იგავებში და ამას ის აკეთებდა საკმაოდ ხშირად, რითაც ხაზს უსვამდა ქალის უდიდეს მნიშვნელობას.

საინტერესოა მაცხოვრის მიერ ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ სწავლებაც.

გამოსაცდელად მისულ ფარისევლებს მაცხოვარი პასუხობს: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად“ (მათ. 19:4-5). ამ სიტყვებით იესო ქრისტე სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს,  ვინაიდან იუდაური ტრადიციული ცოლ-ქმრული ურთიერთობის მოდელის მიხედვით, სწორედ რომ ქალი ტოვებს მშობლებს ქმრის გამო. მაცხოვარმა კი თავისი სიტყვებით ხაზი გაუსვა ქალის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეუღლისათვის. სახარებაშივე ნათლად ჩანს, რომ ქალსა და მამაკაცს თანაბრად აქვთ  საკუთარი რწმენის გამოხატვის უნარი.  მაგ. მართა ძმის, ლაზარეს გარდაცვალების შემდგომ მაცხოვართან შეხვედრისას თავის რწმენას ამოწმებს შემდეგი სიტყვებით:  დიახ, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე მრთისა, რომელიც ამ წუთისოფლად მოდის  (იოან. 11:27). აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მართა მაცხოვრის შესახებ ამოწმებს მანამ, სანამ იესო ქრისტე მკვდრეთით აღადგენდა ლაზარეს. პეტრე მოციქული კი, რომელსაც ძლიერ უყვარდა მაცხოვარი და მისი მრავალი სასწაულის შემსწრეც იყო (მათ შორის მიცვალებულის აღდგინებისა), იესოს შეკითხვაზე: „თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ მე?“ ძუნწად პასუხობს: „შენ ქრისტე ხარ“ (მარკ. 8:29). ამიტომ, წმიდა ევსტათი ანტიოქიელი მართას სიტყვებს უფრო სრულ დამოწმებად მიიჩნევს, ვიდრე – პეტრესას.

ყველა პატრიარქალურ კულტურაში მამაკაცი მიიჩნეოდა ქალის მფლობელად და მის ბატონად, ხოლო ქალებს პრაქტიკულად არავითარი უფლებები არ ჰქონდათ. ახალ აღთქმაში არაერთგზის შევხვდებით , ქალის მამაკაცისადმი დაქვემდებარებულ მოდელთან დაკავშირებულ გამოთქმებს და ამ მუხლების ღრმა ანალიზი წარმოაჩენს, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობა ამ მოდელის ტრანსფორმირებას ქალის სასარგებლოდ ახდენს.

მაგალითისათვის მოციქულთა ეპისტოლეებიდან ერთი მონაკვეთი განვიხილოთ, რომელიც მეტად საყურადღებოა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. წმინდა პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, მამაკაცისა და ქალის ონტოლოგიური თანასწორობის დადასტურების შემდგომ (უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალატ. 3:28), ასევე წერს ეფესელებს, სადაც  იგი ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე საუბრობს. წმინდა პავლეს პატრიარქალური ცოლ-ქმრული ურთიერთობის მოდელში, სადაც ქალი  უუფლებო და მამაკაცზე დაქვემდებარებული არსება იყო, ქრისტიანული მსოფლმხედველობა შეაქვს. იგი, ერთი მხრივ, ცოლს ქმრის მორჩილებისკენ მოუწოდებს (ეფეს. 5:22-24), რაც დაკანონებული ნორმა იყო იმჟამინდელი სამყაროსთვის, მაგრამ, მეორეს მხრივ, მოუწოდებს მამაკაცს, რომ უყვარდეს ცოლი ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია: მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გაწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანითა და  სიტყვით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა ლაქა ან ნაკლი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეს მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან, არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას (ეფეს.  5:25-33). მოწოდება ქრისტეს მსგავსი სიყვარულისკენ ნიშნავს: თავდადებულ, თავგანწირულ სიყვარულს, რაც გულისხმობს მზაობას ქმრის მხრიდან, მოკვდეს საკუთარი ნებით მეუღლისათვის, ანუ იმას, რაც აღასრულა კიდეც ქრისტემ ეკლესიისათვის. ამგვარი მოთხოვნა მამაკაცისადმი იყო სრულიად ახლებური და განსხვავებული სწავლება იმდროინდელი პატრიარქალური ყოფისათვის.

რევოლუციურმა გარდატეხამ, რომელიც ახალი აღთქმის ეპოქამ მოიტანა, ქალისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და მას განსაკუთრებული ადგილი მიანიჭა. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის, როგორც ქალის სახე და ადგილი, ამ თვალსაზრისით, თვალსაჩინო მაგალითია. მარადის ქალწული მარიამი ატარებს სიმბოლიზმს, რომლის მიხედვითაც ქალი მთელი თავისი სულიერი და ბიოლოგიური ბუნებით  ღმერთისადმი გახსნილობის მაგალითს წარმოადგენს. ევა გახდა მიზეზი პირველქმნილი ცოდვის ჩადენისა, მაგრამ მარიამმა ევას პირველცოდვა გამოისყიდა მაცხოვრის შობით. იგი ღმერთთან ყველაზე ახლოსაა ყველა დაბადებულს შორის და არის „დედა ყოველი ქმნილებისა“.

როგორც დავინახეთ, ქრისტიანობა და კერძოდ მართლმადიდებლური თეოლოგია საბოლოო ჯამში მხარს უჭერს, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის იდეას.

იესო ქრისტეს მიერ პიროვნებაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, განურჩევლად მისი სქესობრივი ან სხვა რაიმე ნიშნისა,  ცხადყოფს სქესობრივ განსხვავებაზე აღმატებულ მსოფლმხედველობას. მისი დამოკიდებულება მემკვიდრეობით მიიღეს ჯერ მისმა მოციქულებმა და შემდგომში ეკლესიის სხვა წმინდა მამებმა, რომლებიც თავიანთ ნაშრომებში ხაზგასმის აღნიშნავდნენ, მამაკაცისა და ქალის ონტოლოგიურ თანასწორობას. ქრისტიანული სწავლება, რომელიც არ ისახავდა მიზნად სოციალურ-პოლიტიკური რევოლუციების  მოხდენას, საუკუნეების მანძილზე ცდილობდა, არსებული უთანასწორობანი აღმოეფხვრა დიდაქტიკური საშუალებებით, ვინაიდან ქრისტეს მიზანი იყო, რომ ადამიანები ცათა სასუფევლისათვის განემზადებინა.

თეოლოგი, ლაშა ჯიხვაშვილი

Please follow and like us: