ჩვენს ქვეყანაში, პატარა საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ცოდნა და უნარები მსურველებს უანგაროდ გადასცენ. ცხადია, ისინი განსაკუთრებულ მადლიერებასა და დაფასებას იმსახურებენ. მსგავსი ადამიანების რიგს მიეკუთვნება ლაზარე ნამგალაძე. ის მუსიკისა და ვოკალის პედაგოგია. უკვე 27 წელია, რაც გიტარაზე დაკვრასა და სიმღერას ასწავლის. თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, ისწავლონ სიმღერა და გიტარაზე დაკვრა, თუმცა შესაბამისი თანხა არ გააჩნიათ, ლაზარე უფასოდ ამეცადინებს.
„სამწუხაროდ, ბევრი ოჯახია, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ სწავლის საფასური გადაიხადოს; მათ უფასოდ ვასწავლი გიტარაზე დაკვრასა და სიმღერას. უკვე 3 წელია, რაც ანაზღაურების გარეშე ვამეცადინებ. დაახლოებით, 150 მოსწავლეს შევასწავლე გიტარაზე დაკვრა და სიმღერა. მსურველი ძალიან ბევრია. მე ვასწავლი online“.
განსაკუთრებულად საინტერესოა, რომ მისი მოსწავლეები მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები არ არიან. ლაზარე მსურველებს უცხოური ქვეყნებიდანაც ელოდება.
„სასიხარულოა, რომ სხვადასხვა ქალაქიდან მირეკავენ და ინტერნეტის მეშვეობით ვასწავლი… ასევე, ველოდები მოსწავლეებს ამერიკიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან – ამ ქვეყნებიდან ბევრი მსურველია. მიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან და აინტერესებთ, თუ როგორი გიტარა უნდა შეიძინონ… მე არავის ვეუბნები უარს და სიხარულით ვასწავლი გიტარაზე დაკვრასა და სიმღერას… მსურველებს შეუძლიათ, დამირეკონ როგორც მობილურზე, ასევე, facebook – ზე. ყველას გისურვებთ წარმატებებს!“, – ამბობს ლაზარე ნამგალაძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
ავტორი: მარიამ ტიელიძე