2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემაში წმინდა ევქარისტიას ,,საიდუმლოთა საიდუმლოს’’ ან ,,ეკლესიის საიდუმლოს’’ უწოდებენ.

ის არის ეკლესიის ცხოვრების გული ყველა საეკლესიო  სწავლებისა და განაწესების წყარო და მიზანი.

ამ საიდუმლოს მეშვეობით მორწმუნე მჭიდროდ უკავშირდება უფალს, რომელმაც ბრძანა: ,,და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა’’ (ინ. 6:56).

ტერმინი ,,ევქარისტია’’ თავისი წარმოშობით ბერძნულია და ნიშნავს ,,მადლობას’’, სამადლობელს. ქრისტიანული ეკლესიის უძველეს ეპოქაში იგი შეიძლებოდა ზოგადად ლოცვის აღმნიშვნელიც ყოფილიყო.  ჩვენ გვესმის, რომ ევქარისტიულობა როგორც ღმერთისადმი მადლიერება ყველა იმ სიკეთისათვის, რომელსაც იგი თავისი სახიერებითა და მოწყალებით აძლევს ადამიანს  ქრისტიანული მსოფლმხედველობის აუცილებელი საფუძველია.

კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია (XVI ს.) წერს: ,,მღვდელმოქმედება, რომელშიც ზიარების დიდი საიდუმლო სრულდება, ევქარისტიად განსაკუთრებით იმის გამო იწოდება, რომ ჩვენ აქ მადლობისთვის უფრო  ვგულიანდებით და ვქეზდებით, ვიდრე თხოვნისთვის, რადგან აქ უფრო მეტს ვიღებთ ვიდრე ვითხოვთ და აღარც აღარაფერი რჩება რასაც ღმერთი არ გვაძლევდეს ამ დროს’’.

ევქარისტიაზე თანდასწრება არაფრისმომცემია თუ ადამიანი გულით არ ეზიარება, უფრო მეტიც მისთვის შეიძლება ზიარება დასასჯელი გახდეს. ამასთან დაკავშირებით პავლე მოციქულიც წერს: Ι კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, კონკრეტულად კი მე-11 თავში.

ადამიანის შინაგანი დამოკიდებულების გამომხატველია მზადება წმინდა ზიარებისათვის.

საღმრთო ევქარისტიის თანაზიარი მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ემზადებოდეს ზიარებისათვის და ეს მზადება უნდა გამოიხატებოდეს მის ეკლესიურ ცხოვრებაში. მორწმუნეთა სულის სასარგებლოდ და მათი წარმატებისათვის ეკლესიამ შეიმუშავა კანონები, რომლებიც არეგულირებს საღმრთო ლიტურგიაზე მორწმუნეთა თანამონაწილეობის წინაპირობებს:

1). ის ვინც ეზიარება უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი.

2).  ის ვინც ეზიარება უნდა იყოს უზმო და რა თქმა უნდა ზიარების აღმსრულებელიც. აუცილებელია მღვდელი,  რომელიც თანამონაწილეობს საღმრთო ლიტურგიაში ეზიაროს. მოციქულთა მე-8 კანონი განაჩინებს:  ,,თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი, მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, დაე, მიზეზი წარმოადგინოს, და თუ იგი საპატიოა, შენდობილ იქნეს; იმ შემთხვევაში კი, თუ მიზეზი ვერ დაასახელა, საეკლესიო ერთობიდან განიკვეთოს, როგორც მორწმუნე  ერისათვის ზიანის მომტანი და, თავისი საქციელით მწირველის მიმართ ეჭვის აღმძვრელი, რომ მან თითქოს მსახურება არასწორად აღასრულა’’.

კართაგენის კრების 41-ე კანონში ვკითხულობთ: ,,საკურთხევლის წმინდა საიდუმლო, დაე, უზმოზე მყოფ ადამიანთა მიერ აღესრულებოდეს. აქედან გამონაკლისია ერთი დღე წელიწადში, როცა უფლის სერობა აღესრულება’’.

ადრეულ ეკლესიაში საღამო ხანს ტარდებოდა ლიტურგია, რადგან მაცხოვარმა ევქარისტიის საიდუმლო დააწესა სერობის შემდეგ და არა სერობამდე, რასაც მოწმობს წმინდა წერილი (ლკ. 22:20,  I კორ. 11:25). თუმცა წმინდა წერილი და ეკლესიის მამები მოწმობენ, რომ ზიარებამდე ადამიანი სათანადოდ უნდა მომზადებულიყო და თავი შეეკავებინა ზედმეტი საკვებისგან. პავლე მოციქული საყვედურობს კორინთელებს იმის გამო, რომ წმინდა სერობაზე ზოგი ნაჭამი იყო და ზოგიც მთვრალი.

წმინდა ევქარისტიის აღსრულება საღამო ხანს უკავშირდება დევნის პერიოდსაც, მაგრამ როდესაც ქრისტიანებს საშუალება მიეცათ დღის სინათლეზე გამოსულიყვნენ ლიტურგიის აღსრულების დრომ გადმოინაცვლა დილით.

კართაგენის კრების 41-ე კანონში საუბარია დიდი ხუთშაბათის შესახებ, რომ ამ დროს დაშვებული იყო ზიარებამდე საჭმლის მიღება: ,,საკურთხევლის წმინდა საიდუმლო, დაე, უზმოზე მყოფ ადამიანთა მიერ აღესრულებოდეს. აქედან გამონაკლისია ერთი დღე წელიწადში, როცა  უფლის სერობა აღესრულება. ხოლო თუკი საღამო ხანს აღასრულებენ გარდაცვლილ ეპისკოპოსთა ან სხვათა ხსენებას და ამ დროს აღმსრულებლები ნავახშმევნი არიან, მაშინ იგი მხოლოდ ლოცვებით აღესრულება’’.

ის, რომ იესო ქრისტემ ევქარისტიის საიდუმლო დააწესა სერობის შემდეგ ანუ საკვების მიღების შემდეგ და არა სერობამდე , მოწმობს არა მხოლოდ წმინდა წერილი (იხ. ლკ. 22:20, I კორ. 11:25), ასევე ეკლესიის მრავალი მოძღვარი.

თუმცა იმავდროულად, ეკლესიის მამები და მოძღვრები  მოწმობენ იმასაც, რომ წმინდა ევქარისტიის საიდუმლო დასაბამიდანვე აღესრულებოდა ყველას მიერ უზმოზე. როგორც ჩანს აფრიკის ეკლესიაში ისეთი პირებიც იყვნენ, რომლებიც ამ წესს არ იცავდნენ, რის გამოც წინამდებარე კანონი, რომელიც განაწესებს, რომ საკურთხევლის მსახურება მხოლოდ უზმოზე შეიძლება.

ამ კანონის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უშვებს ევქარისტიული საიდუმლოს აღსრულებას წელიწადში ერთხელ საჭმლის მიღების შემდეგაც, კერძოდ  – დიდ ხუთშაბათს.

კანონისტი ნიკოდიმის მილაში ფიქრობს: ,,სავარაუდოა, რომ ასეთ დაშვებას კავშირი უნდა ჰქონდეს მცირე აზიის ჩვეულებასთან, შეწყვიტონ მარხვა პირველი თვის (ნისანი) მე-14 დღეს, როდესაც აღესრულებოდა უფლის სერობის ხსენება და რომლის აღსანიშნავადაც აწყობდნენ განსაკუთრებულ ტრაპეზს (ვახშამს), იმის მსგავსს, რომელიც იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად აღასრულა და ამის შემდეგ ეზიარებოდნენ წმინდა საიდუმლოს’’. ამ ფაქტს იხსენებს ნეტარი ავგუსტინეც თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს წესი ეკლესიაში გრძელდებოდა  VII საუკუნემდე, როდესაც ის გადაჭრით აიკრძალა ტრულის კრების 29-ე კანონით, რომელიც განაჩინებს: ,,კართაგენის კრების მამათა კანონი ბრძანებს, რომ ღვთისმსახურება საკურთხეველში უნდა ჩატარდეს სხვა არანაირად, თუ არა უზმოზე მყოფ კაცთა მიერ, გარდა წელიწადის ერთი დღისა, როცა საუფლო სერობა ეწყობა. ამ წმინდა მამებმა შეიძლება, რაიმე ადგილობრივი მიზეზების გამო მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რაც მაშინ სასარგებლო იქნებოდა ეკლესიისათვის.

ამჟამად კი ჩვენ არაფერი გვაიძულებს, რომ კეთილკრძალული სიმკაცრე დავუტევოთ. ამიტომაც, მივყვებით რა სამოციქულოთა და წმინდა მამათა გადმოცემებს, განვაჩინებთ: არ არის მართებული დიდმარხვაში, უკანასკნელი შვიდეულის ხუთშაბათს, მარხვის გახსნა და ამით მთელი დიდმარხვის შეურაცხყოფა.

ის თუ რამდენი ხანი უნდა იყოს ადამიანი უზმო, ამის შესახებ მკაცრი რეგულაცია არ არსებობს. ამბობენ, რომ ღამის 12 საათიდან უნდა იყოს ადამიანი უზმო, რომ მიეახლოს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, თუმცა ამის დოგმატიზირება არ შეიძლება. ზიარებამდე ჭამა და წყლის დალევა არ შეიძლება, ღამის საათებში თუ საქმე გვაქვს შეგნებულ მოქმედებასთან. თუ შეგნებულად აკეთებს ამ აქტს ადამიანი, მაგრამ აუცილებლობიდან გამომდინარე თუ ადამიანი ავადმყოფია ან მომაკვდავია ან აქვს გეგმიური მკურნალობა და მან ზიარებამდე  მიიღო საკვები არ შეიძლება მისი ზიარებიდან განყენება არავითარ შემთხვევაში.

ტიმოთე ალექსანდრიელის XVI  კანონი: ,,კითხვა 16. თუ ვინმე, მარხულობს რა წმინდა საიდუმლოთა ზიარებისათვის და პირის დაბანისას  ან აბანოში ყოფნისას უნებლიედ გადასცდა წყალი უნდა ეზიაროს თუ არა?

პასუხი: უნდა ეზიაროს, რამეთუ სხვაგვარად სატანა ჰპოვებს რა შემთხვევას განაშოროს იგი ზიარებისგან, უფრო ხშირად გააკეთებს ხოლმე ამას’’.

როდესაც არ არსებობს რაიმე მკაცრი რეგულაცია იმის შესახებ, რომ თითქოს არ შეიძლება ზიარება ავადმყოფის ან ისეთი ადამიანის, რომელსაც სიცხე ჰქონდა და გამთენიისას წყალი დალია, დაუშვებელია ასეთი მიდგომა. მით უმეტეს მაშინ, როცა კანონები გვაძლევენ მსგავს შემთხვევებში მათი ზიარების საშუალებას.

ტიმოთე ალექსანდრიელი II მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილეა, თუკი მას შეუძლია გამოიჩინოს მოწყალება რატომ არ შეიძლება აზიარო მსგავს შემთხვევებში ადამიანი.

წირვის თანდამსწრე არ შეიძლება იყოს დაყენებით ან შეჩვენებით (ანათემით დიდი დაყენებით) დასჯილი.

,,ქრისტიანი არ უნდა ექვემდებარებოდეს კანონიკურ სასჯელს (ეპიტიმიას).

მაგრამ თუკი ეს ქრისტიანი მომაკვდავია მას ეხსნება ეპიტიმია და აზიარებენ’’, თუმცა ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა მომაკვდავი შეინანებს.

,,ის ვინც ეზიარება უნდა იყოს სრულ გონებაზე.  იმ შემთხვევაში როდესაც მომაკვდავს დაკარგული აქვს გრძნობა სასურველია ეზიარონ მისი უშუალო ნათესავები’’.

შეზღუდვები ზიარების ასაკთან დაკავშირებით არ არსებობს. მშობლებს შეუძლიათ მოიყვანონ ჩვილი ბავშვები და აზიარონ. თუ რამდენი წლიდან უნდა იყოს ბავშვი უზმოზე ამის შესახებ მკაცრი საეკლესიო რეგულაციები არ არსებობს და არც უნდა დააბრკოლოს მღვდელმა ბავშვი, რადგან ამან  შესაძლოა გამოიწვიოს მისი გაუცხოება ეკლესიიდან და ღმერთი მის თვალში წარმოჩინდეს როგორც დესპოტი.

თუ ახალგაზრდები იმ ასაკში არიან, რომ უკვე აღსარებას აბარებენ და დაეცნენ ძილში ზიარების წინ, მათი ზიარების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: თუ დენას წინ უძღოდა ზმანება და ეროტიული  სიზმრები არ ეზიარებიან, ხოლო თუ დენა დაემართა ყოველგვარი სიზმრის გარეშე და ბილწი ფიქრების გარეშე, ამგვარი ადამიანების ზიარება დაშვებულია.

,,საზიარებლად მოსული უნდა იყოს განწმენდილი ყოველგვარი ვნებებისგან და ყველანაირი ხორციელი უწმინდურობისგან (ტიმოთე ალექსანდრიელის  მე-5, მე-7 და მე-12 კნონები), თუმცა ეს კანონი ეხებათ სასულიერო პირებს. მღვდელი დგას წმინდა ტრაპეზთან და ქრისტესთან განწმენდილი უნდა წარსდგეს ისევე როგორც მოსე, რომელიც ავიდა სინას მთაზე, მას აუკრძალა ღმერთმა ცოლთან დაწოლა 3 დღის განმავლობაში. რჯულის კანონი კი სასულიერო პირს მხოლოდ ერთი დღით უკრძალავს თავშეკავებას, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია და არ შეიძლება ამის მკაცრი რეგულაცია მაშინ როცა ასეთ სიმკაცრეს პავლე მოციქულიც კი არ იჩენს, აღარ ვსაუბრობთ საეროებზე, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ  ექნებათ თუ არა ხორციელი კავშირი მეუღლეებთან. კართაგენის  მე-3 და მე-4 კანონი მხოლოდ სასულიერო პირებს მოუწოდებენ უბიწოებას იცავდნენ და ცოლს განეკრძალონ, კერძოდ ამ კანონებში ვკითხულობთ: ,,ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: უწინ ჩატარებულ კრებაზე, როდესაც კრძალულებისა და უბიწოების კეთილი სახის შესახებ იყო მსჯელობა, გვსურს ჩვენც, რომ სამი ხარისხიეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკვნისაშეკრული იყოს უბიწოების საკვრელით, როგორც შეეფერება ღმრთის ღირსეულ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და ლევიტელებს. ღმერთს უნდა ემსახურებოდნენ განკრძალული და უბიწო მღვდელობით. ამით ღირსნი გახდებიან მასთან მიახლოებისა, რასაც თხოვნით ეძებენ ღმრთისაგან. მოციქულთა მიერ მოცემული და თვით უძველესი დროიდან განმტკიცებული წესი ჩვენგანაც მტკიცედ უნდა იქნეს დაცული (კან. 3). ცალკეული დასების შესახებ, რომლებსაც ჰმართებთ მეუღლეთაგან განყენება.

პიკენის ეპისკოპოსმა ფავსტინოსმა, პოტენტინელთა მხარიდან, რომის ეკლესიის წარმომადგენელმა, თქვა: მივიჩნევთ, რომ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი და ყველა, ვინც შეეხება სამღვდელო ჭურჭელს, როგორც მცველნი სიწმინდისა, მეუღლეთაგან განეყენონ.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: მივიჩნევთ, რომ სიწმინდეს უნდა ინახავდეს საკურთხევლის ყველა მსახური (კან. 4).

იგივეს ამბობს ამ კრების 25-ე კანონი: ეპისკოპოსებისა და სხვა მათი შემდგომი დასის შესახებ, რომლებიც ეხებიან წმინდა საიუდმლოს, საჭიროდ მიგვაჩნია მეუღლეთაგან გაუცხოება.


ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: სხვა ზემოთ ნათქვამს ამასაც დავუმატებ, პატიოსანო ძმებო: ზოგი მოყვასთაგანი, წიგნისმკითხველზე ზედა ხარისხზე მდგომი, წმინდა იყოს თავისი ცოლისაგან, როგორც თითოეულ კრებაზე არის დამტკიცებული. კერძოდიაკვნები (ჰიპოდიაკვნები), რომლებიც წმინდა  საიდუმლოს ეხებიან, დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსები დადგენილებათა მიხედვით თავიანთი მეუღლეებისაგან განკრძალულნი (თავშეკავებულნი) უნდა იყვნენ. ისე უნდა იყვნენ, ვითომ არც ჰყოლიათ ისინი. ვინც ეს არ დაიცვას, იგი განიკვეთოს საეკლესიო პატივისაგან. საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლები ნუ იქნებიან იძულებულნი ასე მოიქცნენ, გარდა ისეთებისა, რომელთა მეუღლე ხანდაზმულობის გამო აღიკვეცა.

მთელმა კრებამ თქვა: რაც თქვენმა სიწმინდემ კარგად და სამართლიანად ჩამოაყალიბა, როგორც სამღვდელოებისათვის შესაფერისს და ღმრთის მოსაწონს, ვამტკიცებთ.

კანონისტი იოანე ზონარა ამბობს: სასულიერო პირები ,,შუამავლები არიან ღმერთსა და ადამიანებს შორის და გულმოწყალე უნდა ჰყონ ღმრთეება ადამიანთა მიმართ, გამოითხოვონ ხსნა ერთგული მორწმუნეებისათვის  და მშვიდობა მთელი ქვეყნისათვის’’.

ზონარას სიტყვებიდან ვიგებთ, რომ მღვდლის ლოცვა უფრო ახლოა ღმერთთან, როცა ის გათავისუფლებულია ვნების მდგომარეობიდან. ტრულის კრების მე-12 კანონი ეპისკოპოსებს საერთოდ უკრძალავს ქორწინებას: შევიტყვეთ, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში, ზოგიერთი ღვთისმოსავი მღვდელმთავარი მასზე ხელთდასხმის შემდეგაც თავის მეუღლესთან აგრძელებს ცხოვრებას, რითაც სხვებს დაბრკოლებებსა და საცდურებს უქმნის. ვინაიდან გვსურს, რომ ყოველივე მოვაწყოთ ჩვენთვის მინდობილი სამწყსოს სულის სასარგებლოდ, ამიტომ მათთვის სასიკეთოდ მივიჩნიეთ განგვეჩინა შემდეგი: ამიერიდან ნუ ექნება ადგილი მსგავს ქმედებას. ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონმდებლობის გასაუქმებლად ან შესაცვლელად, არამედ მრევლზე მზრუნველობის მიზნით, მათი გადარჩენისა და უკეთესობისაკენ წარმართვისათვის; აგრეთვე, იმიტომ, რომ ბიწი არ მოეცხოს სამღვდელო წოდებას, რამეთუ საღმრთო მოციქული ამბობს: ,,ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ, დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნოვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა” (I კორ. 10:31-33; 11:1).

ტრულის მე-13 კანონი კი განაჩინებს შემდეგს: ვინაიდან შევიტყვეთ, რომ რომის ეკლესიაში კანონის სახით შემოუღიათ, რომ პირი, რომელიც ღირსი ხდება დიაკვნად ან მღვდლად ხელთდასხმისა, ვალდებულებას იღებს აღარ იცხოვროს საკუთარ ცოლთან, ამიტომ ჩვენ მივყვებით რა მოციქულთა ძველ კანონებს ეკლესიის კეთილმოწყობისა და წესრიგის შესახებ, ვაცხადებთ: მღვდელმსახურთა ცხოვრება მეუღლეებთან სავსებით კანონიკური ხასიათისაა და მომავალშიც დაურღვევლკად იქნეს ეს კანონი შენარჩუნებული; მღვდელმსახურებმა არ უნდა გაწყვიტონ მეუღლეებთან კავშირი, შესაფერის დროს კი ცოლქმრული ურთიერთობა იქონიონ. ასე რომ, ვინც იქნება ხელთდასხმის ღირსიიპოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, მას ამაში არასგზით არ უშლის ხელს კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება; ხელთდასხმისას არავინ დაავალდებულოს იგი, რომ მოეკრძალოს კანონიერ შეერთებას საკუთარ ცოლთან, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღმრთის მიერ დადგენილი და მის მიერ თავისი მოსვლისას ნაკურთხი ქორწინება, რამეთუ სახარების ხმა ღაღადებს: ,,აწ უკუე რომელნიიგი ღმერთმან შეაუღლნდა, კაცნი ნუ განაშორებს” (მათ. 19:6); მოციქულიც გვასწავლის: ,,პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ (ებრ. 13:4); ასევე: ,,შეთუყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ“(I კორ. 7:27).

ვიცით, რომ კართაგენში შეკრებილმა მამებმაც, მღვდელმსახურთა ცხოვრების სიწმინდეზე ზრუნვის მიზნით დაადგინეს, რომ იპოდიაკვნები, რომლებიც წმინდა საიდუმლოებებს ეხებიან, ასევე დიაკვნები და მღვდლები, მათთვის მსახურებისათვის განკუთვნილ და მოსამზადებელ პერიოდში უნდა ეკრძალებოდნენ თანამეცხედრეებს. ამრიგად, ჩვენც უვნებლად დავიმარხოთ მოციქულებისაგან გადმოცემული და ძველთაგანვე დაცულიც; ვიცოდეთ ჟამი ყველაფრისა, მით უფრო კრძალვისა და ლოცვისა, რამეთუ საკურთხევლის წინ წარმდგართ, მაშინ, როცა სიწმინდეებთან აპირებენ მიახლებას, ყველაფრისაგან მოკრძალება მართებთ და, ამით შეძლებენ მიიღონ ღმერთისაგან უბრალოებაში ნათხოვნი; ხოლო ვინც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაკადნიერდება და რომელიმე სასულიერო პირს, ანუ მღვდელს, დიაკონს ან იპოდიაკონს კანონიერ ცოლთან კავშირსა და ურთიერთცხოვრებას აუკრძალავს, განიკვეთოს. მსგავსადვე, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც კეთილკრძალულების საბაბით გაუშვებს თავის ცოლს, განყენებულ იქნეს მღვდელმსახურებიდან, ხოლო მოუდრეკელობის შემთხვევაშიგანიკვეთოს.

ამ კანონის გამო კარდინალმა ჰუმბერტმა მეთერთმეტე საუკუნეში, მართლმადიდებელ ეკლესიას, არ მეტი და არც ნაკლები, ერეტიკული და ნიკოლაიტური ერესით მოწამლული უწოდა.

,,თუმცაღა,  ეს კანონი შედის რომაულ-კათოლიკურ corpus juris canonici-ში და საერთოდ, ტრულის კრების კანონები შეწყნარებულია რომის პაპების  მიერ. განსახილველი კანონი საუბრობს ცელებატობის შესახებ რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში და გმობს მას, როგორც ეკლესიის მოწყობისა და ხარისხის შესახებ მოციქულთა ძველი კანონების საწინააღმდეგო დადგენილებას…

ეს განწესება, კერძოდ, ამტკიცებს იმას, რაც დადგენილია მოციქულთა მე-5 და 26-ე კანონებით და I მსოფლიო კრების მე-3 კანონით’’.

თუმცა ესეც პირობითია და მაინც ადამიანის მოთმინებასთან არის დაკავშირებული.

კანონისტი პანაიოტის ბუმისი ამბობს: ,,ხორციელი სიწმინდე არ წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას, არამედ მხოლოდ პირობითს, საიდუმლოსადმი პატივისცემის გამოვლინებას’’.

7). აუცილებელი არ არის ზიარებად  მოსული იყოს სულიერად ან ხორციელად ჯანმრთელი. ავადმყოფები, რომლებიც ვერ აზროვნებებ როგორც ჯანმრთელი ადამიანები შესაძლებელია მათი ზიარება, რადგან მათ არ გააჩნიათ არჩევანი, თავისუფალი ნება, რითიც ისინი ჩაიდენენ ცოდვას. უფრო მეტიც, ეშმაკეულებიც კი თუკი მათზე წირვის დროს არ არის ეშმაკის ზეგავლენა შეუძლიათ ეზიარონ (ტიმოთე ალექსანდრიელის მე-3 კანონი).

დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ ზიარებისთვის მზადება არის წინაპირობა ადამიანის შინაგანი მდგომარეობის წაროჩენის საქმეში. ეკლესია უპირველესად ზრუნავს ადამიანის გადარჩენაზე და ამიტომაც დაადგინა ეკლესიამ კანონები, რომ არა დასაჯოს ადამიანი, არამედ ყველანაირი წინაპირობა შეუქნას მას ცხონებისათვის. ცხონება ნიშნავს გადარჩენას და ადამიანი ევქარისტიით უერთდება თვით ქრისტეს. ამიტომაც რაც უფრო ხშირად ეზიარებიან ადამიანები მით უფრო მეტად აქვთ შესისხლხორცებული მათში იესო ქრისტეს მყოფობა.

ზიარება არ უნდა იყოს გაუბრალოებული, მაგრამ ამავე დროს ხელი უნდა შევუშალოთ იმ ფანატიზმით გაჯერებულ აზრს, რომ თითქოს ხშირი ზიარება არ შეიძლება.

ასე რომ უნდა ვეზიარებოდეთ ხშირად, რათა არ ვიმხილებოდეთ ისეთი მხილებით, როგორც ამხელდა წმინდა იოანე ოქროპირი თავის სატაძრო ქადაგებებში ჯერ კიდევ IV-V საუკუნეთა მიჯნაზე იმ ქრისტიანებს, რომლებიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ დიდმარხვისას ეზიარებოდნენ: ,,როცა ზიარებას ერთი წლის შემდეგ მიეახლები, ნუთუ ფიქრობ, რომ ორმოცი დღე გეყოფა მთელი ამ დროის ცოდვებისგან განწმედისთვის?

შემდეგ კი ერთ კვირაში კვლავაც იგივეს მიუბრუნდები?

და გინდა, რომ ამგვარად სათნოეყო ღმერთს?

შენ ხუმრობ ადამიანო?!

ამას არა იმისთვის ვამბობ, რომ თქვენ წელიწადში ერთხელ ზიარება აგიკრძალოთ, არამედ უფრორე იმის სურვილით, რომ თქვენ მოუკლებლად მიეახლებოდეთ წმინდა საიდუმლოს’’.

თეოლოგი, ლაშა ჯიხვაშვილი

Please follow and like us: