სხვა არაერთი ღონისძიების მსგავსად, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება – შეზღუდვებისა და სივრცის კონტროლის ფონზე. თითოეული აბიტურიენტის მიმართს სიფრთხილის ინდივიდური ზომები იქნება გათვალისწინებული. უფრო კონკრეტულად, რა სახის სავალდებულო ზომები იქნება გასათვალისწინებელი და რა წესების დაცვა მოუწევთ სტუდენტობის მსურველებს – აღნიშნული საკითხით „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეული რეკომენდაციები უკვე გაშუქებულია, თუმცა ისინი სრულად ივნისში გასაჯაროვდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით – „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა – რეკომენდებული დისტანციის დაცვით“.
არსებული ინფორმაციით, გამოცდების თარიღის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუკი ეპიდსიტუაცია გაუარესდება – ეს ყველაფერი მოხდება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების საფუძველზე. აღინიშნება, რომ გამოცდების აგვისტოს თვეში გადატანის საკითხი განიხილება.
ინფორმაციისთვის, გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ავტორი: მარიამ ტიელიძე