შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ საზოგადოების ყოველთვიურ ინფორმირებას.
შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის ოქტომბრის თვე 480 510 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 556 110 ვიზიტი განხორციელდა, რაც 23,7%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე და უკვე გაასწრო 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 1 785 244 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,4%); ბ) ტრანზიტი – 1 001 010 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 57,3%);გ) სხვა – 1 769 856 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,8%).
2013 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+13,5%), სომხეთიდან (+34,3%), რუსეთიდან (+37%), უკრაინიდან (+58,6%) და ირანიდან (+26,7%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ოქტომბერში, უკვე ტრადიციულად პოლონეთი-ჩეხეთი-ავსტრიასთან ერთად კვლავ გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია და გერმანია (შესაბამისად 70%, 34%, 27%, 20%, 17% და 17%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთის (39%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (31%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 61%–იანი მატებით.
სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან მიმართებაში, ცალკე აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც მიმდინარე წლის პირველ 10
თვეში 22.4 (შემოსვლა) და 22.8 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.
05.11.13