რაბათის ციხეზე შესაძლოა, გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რაბათის ციხის რესტავრაციის პროცესში თურქი სპეციალისტები ითხოვდნენ, რომ გუმბათი ოქროსფრად არ შეღებილიყო. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ისტორიული გისოსები ჩანაცვლდა მოგვირისტებული, ჩახლართული გისოსებით, რომელიც ამ არქიტექტურისთვის დამახასიათებელი არ არის.
როგორც გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, თურქული მხარის შენიშვნები უმტკივნეულოა და მათი გათვალისწინება სირთულეს არ წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, თურქი ექსპერტები ვითარებას ადგილზე მოინახულებენ.
ოდიშარიას თქმით, საქართველო დაინტერესებულია, რომ სწორად აღდგინონ იშხანი, შემდეგ ოშკი და ზარზმა. მისივე თქმით, საქართველომაც სწორად უნდა აღადგინოს ის კულტურული ძეგლი, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ზიარია.
13.11.13