ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე დაკავებულია. მისი დაკავება ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში მოხდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ძველი თბილისის გამგებლის მოადგილეს, კობა ხარშილაძეს 400 ათასი ლარიანი გირაოს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. კობა ხარშილაძე სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს. მან დაპატიმრებამდე პროკურატურას სააპელაციოს გადაწყვეტილება მიულოცა.
კობა ხარშილაძე ბრალდებულია ძველი თბილისის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში და თანხების გაფლანგვაში. ფურცხვანიძესა და კობა ხარშილაძეს საქალაქო სასამართლომ 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით 400-400 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
დაცვის მხარე მოითხოვდა გირაოს თანხის შემცირებას 20 ათას ლარამდე, ხოლო პროკურატურა საჩივრით ითხოვდა, აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ორივე ბრალდებულის შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ კობა ხარშილაძის ნაწილში. ლაშა ფურცხვანიძის შემთხვევაში კი, ძალაში დარჩა 400 ათას ლარიანი გირაოს თანხა, რომელიც ბრალდებულმა ათი დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
24.12.13