ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადაპრეზიდენტის უფლებამოსილებამ. თუ რა ცვლილებები განხორციელდა კონკრეტულად,  საკითხზე ,,თბილისი თაიმსი’’ ესაუბრა კონსტიტუციონალისტ  ავთანდილ დემეტრაშვილს.

ბატონო ავთანდილ, მარგველაშვილის ინაგურაციის შემდეგ ამოქმედა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილება. რა შეზღუდვებია ძირითად და რამდენად გამართლებულია აღნიშნული ცვლილებები?

 მიმაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები კანონზომიერია. ისტორიას რომ გადავხედოთ, 90-ანი წლებიდან მოყოლებული პრეზიდენის გადადგომის საკითხი წყდებოდა არაკონსტიტუციური გზით. იმისათვის, რომ ახლა ეს რისკები აგვეცილებინა, 2009 წელს ხელისუფლების ინიციატივით რეფორმის საკითხის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა.

რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, რეფორმა მმართველი კლასის ინტერესებზე იყო მორგებული, რადგან  მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით პრეზიდენტად არჩეული ვერ იქნებოდა. ხშირად ამბობდნენ, რომ ძირითადი უფლებამოსილებების გადასვლა მოხდებოდა პრემიერ-მინისტრზე, თუმცა ეს არ არის სწორი. უფლებამოსილებები უნდა გადადიოდეს არა პრემიერ-მინისტრზე, არამედ მთავრობაზე.

უნდა ავღნიშნო, რომ მართალია პრეზიდენტის უფლებამოვალეობები გარკვეულად შეიზღუდა, მაგრამ უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ მათი ახლებურად გააზრება მოხდა.

პრეზიდენტს კვლავ 53 უფლებამოსილება გააჩნია,  თუმცა მათი დანიშნულება განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე იყო. წინა რედაქციის დროს პრეზიდენტი თუ ერთპიროვნული მმართველი იყო და მხოლოდ სასამართლოზე არ ჰქონდა გავლენა, ახლა ეს ვითარებაც შეიცვალა. გიორგი მარგველაშვცილმა სწორად გააკეთა აქცენტი იმაზე, თუ რა დანიშნულება აქვს და რისი შესაძლებლობები გააჩნია ახალ პრეზიდენტს. მან პირველ რიგში აღნიშნა ის, რომ  პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია. გარდა ამისა, ასევე გაამახვილა ყურადღება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე. პრეზიდენტს ამ საკითხშიც გააჩნია უფლება-მოვალეობები: იგი აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს (მაგრამ წინა რედაქციისაგან განსხვავებით, მას ევალება შეათანხმოს მთავრობასთან აღნიშნული ქმედებები). ეს ვითარება გამორიცხავს  ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისად სახელმწიფო ინტერესების შელახვაც არ იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი დანიშნულების მიხედვით, იგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაში არბიტრი იყო.  ახალი რედაქციით, ეს სხვადასხვა უფლებამოსილებებში აისახა, მაგალითად, კონკრეტული კანონპროექტის მამართ მას შეუძლია ვეტოს უფლება გამოიყენოს. დღევანდელ პოლიტიკურ კონფიგურაციაში, როდესაც პრეზიდენტს პარლამენტში თავისი უმრავლესობა ჰყავს, არ არის გამორიცხული, რომ  ვეტო ქმედითი იყოს.  ერთ-ერთი განხორციელებული ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტს აღარ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმიანობაზე კონტროლის უფლება ყოველთვის უნდა ჰქონდეს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით შეიძლება თუ არა ითქვას, რომ პრეზიდენტს უნარჩუნდება მხოლოდ ,,ფორმალური’’ ძალაუფლება, ხოლო რეალური გადადის მთავრობაზე და პარლამენტზე?

როგორც უკვე ავღნიშნე, პრეზიდენტი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი თითქოს დისტანციური ხდება. მაგრამ თუკი მას მიაჩნია, რომ კანონპროექტის განხილვა  არასწორად მიდის, მას შეუძლია თავის მომხრეებს უთხრას, რომ  ვეტოს უფლებას გამოიყენებს და ისინი მხარს დაუჭერენ. მას ასევე შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, თუ მიიჩნევს, რომ კანონი რომელიც მიიღეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგომაში მოდის. მართალია, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ პრეზიდენტი ნაკლებად გავლენიანია, მაგრამ აქაც არ არის სიმბოლური ფიგურა.  მას შეუძლია დაესწროს მთავრობის სხდომას და ასევე უშიშროების საბჭოს წევრები მიიწვიოს. თუ მთავრობის დადგენილება ეწინააღმდეგება კანონს, მას შეუძლია საერთო სასამართლოში გაასაჩივროს, ხოლო თუ კონსტიტუციას – საკონსტიტუციოში.

მიმაჩნია, რომ მარგველაშვილს ექნება ამბიცია რეალურად იყოს პირველი პირი. ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო მომავალში, აქ განსხვავებული ვითარება შეინიშნებოდა: რეალურად პირველი პირი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა.

კონსტიტუციაში ცვლილებების მიხედვით, გუბერნატორი წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას. როგორც ვიცით, რამდენიმე გუბერნატორმა პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა. როგორ მიგაჩნიათ, უკავშირდება თუ არა მათი ქმედება კონსტიტუციის ცვლილებებს? რა არის ამის მიზეზი?

რასაკვირველია, ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ გუბერნატორებს ისედაც მოუწევდათ თანამდებობის დატოვება. მათ იცოდნენ, რომ ახალი ხელისუფლება ყველა  გუბერნატორს შეცვლიდა.  ძველი რედაქციის მიხედვით, გუბერნატორებს პრეზიდენტი ნიშნავდა მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო განხორციელებული ცვლილებების მერე გუბერნატორებს მთავრობა დანიშნავს.

ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეალური მოქმედებები განსხვავდება   კონტიტუციის ტექსტისგან. თქვენი აზრით, რამდენად განხორციელდება პრაქტიკაში კონსტიტუციით განმტკიცებული ცვლილებები?

რასაკვირველია კონსტიტუცია არ არის ერთადერთი საფუძველი, რომლითაც  სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობები განისაზღვრება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორია ძალთა განლაგება პარლამენტში. მაგალითად, სხვა პარტიის წარმომადგენელი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი სხვა სიტუაცია გვექნებოდა, მაგრამ მარგველაშვილის შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში დომინანტური ფიგურა  კვლავ ბიძინა ივანიშვილი იქნება.  ორივე პირველი პირია, ერთი – აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხოლო მეორე სახელმწიფო მეთაურია.

ივანიშვილი არც მალავს, რომ მეგობრული დამოკიდებულება აქვს მარგველაშვილის მიმართ და თუ მას რჩევა დასჭირდება, ივანიშვილი მზადაა რჩევა მისცეს. მე მიმაჩნია, რომ მარგველაშვილს ნაკლებად, მაგრამ ღარიბაშვილს კი დასჭირდება რჩევები, ვინაიდან მას  სახელმწიფოებრივ საქმიანობაში დიდი გამოცდილება არ აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ სამივე განშტოების ლიდერთა შორის თანასწორობა, ბალანსი დამყარდეს. არ გამოვრიცხავ, რომ გაძლიერდეს პარლამენტის კონტროლი მთავრობისადმი, გაძლიერდეს არა რეპრესიის, არამედ თანამშრომლობის მხრივ, ვინაიდან ერთი პოლიტიკური სპექტრია.

ხელისუფლების დანაწილება სამ კომპონენტს მოიცავს, განშტოებები განცალკავებული უნდა იყოს, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ გაწონასწორება, შეკავების შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა განშტოებას. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ წინა პლანზე პრემიერ-მინისტრი და  პრეზიდენტი ,,წამოიწევს’’. მე ვერ ვიტყოდი, რომ კონსტიტუციის მიხედვით, რომელიმე მათგანს ჰქონდეს აშკარა უპირატესობა, ფორმალურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, მაგალითად ვილნიუსში დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი იქნება, ეს არც არის გასაკვრვი, იგი ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს. ავღნიშნავ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ  იყო შემთვევები, როდესაც ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებეს, რაც შესაძლოა ნაჩქარევი იყო.

თქვენი აზრით, რა მოვლენებმა გამოიწვიეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა?

უნდა ავღნიშნოთ, მმართველი პოლიტიკური კლასი არ გამორიცხავდა, რომ შემდეგი პირი  შეიძლება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელი აღარ ყოფილიყო და ამან გამოიწვია ცვლილებების განხორციელება. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ხელისუფლებასთან შეხვედრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ ხომ არ განმეორდებოდა  ,,პუტინი-მედვედევის’’ კომბინაცია. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას პრემიერ-მინისტრობა არ უნდოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, არამედ იგი სხვა თანამდებობას დაიკავებს, რომელიც ნაკლებად გავლენიანი იქნება განშტოებებზე.

კონსტიტუციის გადასინჯვის მეორე მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ ვენეციის კონვენციის კრიტიკა არსებული ვითარების მიმართ. ისინი აშკარად გამოხატავდნენ, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დასაჭერად, მეტი დემოკრატია გვმართებს, ეს კი პირდაპირ კონსტიტუციას უკავშირდება. ჩემი აზრით, ძირითადი ნაკლი, რაც ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ ჰქონდა განსაკუთრებით პირველ წლებში, ეს იყო ხალხთან კომუნიკაციის არარსებობა, რამაც ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ განაწყო მოსახლეობა.

საშინაო და საგარეო მოთხოვნებმა გამოიწვიეს რეფორმის საჭიროება. მთავარი იყო იმის განსაზღვეა: რა მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო ცვლილებები. ძირითადი პრობლება იყო პრეზიედენტის პრობლემა, მას ისეთი უფლებამოსილებები გააჩნდა, რომელიც ვეღარ უზრუნველყობდა სახელმწიფოს საქმინაობას. ამიტომ გადაწყდა უფლებამოსილებების გადავანაწილა განშტოებებს შორის.

25.12.11

მარინა ფიდუაშვილი

Please follow and like us: