ქართული კულტურული ტრადიცია მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და

მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. პოლიტიკური პროცესების გამო ეს კულტურა დაღმართისკენ მიექანება და რომ არა ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას არ დაუკარგონ ტრადიცია, ხელოვნების დარგებს ერთგულად ემსახურონ და საკუთარი მხრებით ზიდონ ეს მძიმე ტვირთი, კულტურა დღეს აღარ გვექნებოდა. ქართული კულტურული საზოგადოების გამორჩეული ფიგურა ქართული თეატრისა და კინოს დამსახურებული მოღვაწე, რეჟისორი, ქეთი დოლიძეა, რომელსაც ,,თბილისი თაიმსიესაუბრა.

ქალბატონო ქეთი, როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კულტურა?

კულტურაში არის სფეროები, სადაც ყველაფერი კარგადაა. მაგალითად მგონია, რომ მხატვრები ბევრად უფრო თავისუფლები არიან და ნაკლებად დამოკიდებულნი გარესამყაროზე, ვიდრე სხვა დარგის წარმომადგენლები, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ ბევრად უკეთესად აქვთ საქმე.

დღესდღეობით რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას კულტურისადმი?

საზოგადოებას კულტურისადმი გულგრილი დამოკიდებულება აქვს. დღეს  საზოგადოების ძალიან მცირე პროცენტი, ავსებს ფილარმონიას, – ეს ხდება, მაგალითად, პაატა ბურჭულაძის არაჩვეულებრივ კონცერტებზე, ზოგჯერ – თეატრის პრემიერებზე, ზოგჯერ – კინოპრემიერებზე, მაგრამ ეს ერთი და იგივე ხალხია. დღეს მასა კულტურით დაინტერესებული არ არის.  ეს ეტყობა ჩვენს განათლების დონეს, მეტყველებას და თუნდაც იმ შემზარავ ფაქტს, რომ ტელევიზიის მიერ უნივერსიტეტის ეზოში ჩატარებულ კვლევაში, კითხვას ,,ვინ არის შოთა რუსთაველი?“, ვერ პასუხობს სტუდენტი. ასეთი ტოტალური გაუნათლებლობა მოიტანა გაუთავებელმა შიდა არეულობამ, წყვეტამ, სამოქალაქო ომმა, დაპირისპირებამ, ღვარძლმა, შურმა… საშინელი ნათქვამია, მაგრამ სწორია, როდესაც ამბობენ, რომ  ,,ქვემეხები როცა ქუხან, მუზები სდუმან“.მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, ქართული კინო პრაქტიკულად თავიდან იწყებს არსებობას. დღეს ვუყურებთ ჩვენს ძველ ფილმებს სხვადასხვა არხებზე,  იმიტომ, რომ ახალი პრაქტიკულად არ არსებობს. განათლებაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ინტერნეტმა და მისმა სხვადასხვა საშუალებებმა განათლების სისტემას არაფერი შემატა. ,,ფეისბუქს“ იყენებენ იმისთვის, რომ ერთმანეთს ანგარიში გაუსწორონ. სამწუხაროდ, ეს ასეა და თუკი ვინმე უზიარებს ერთმანეთს კარგი სპექტაკლის ნაწყვეტს, სიმღერას ან სხვას, ეს იმდენად პატარა პროცენტია, რომ თითქმის არაფერს ცვლის და ძალიან დიდი პრობლემაა.

რა სჭირდება იმას, რომ ყოველივე შეიცვალოს და საზოგადოება ჩაებას კულტურულ ცხოვრებაში?

ამას სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება. ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს: განათლებას უნდა მიაქციოს ყურადღება,  ასევე კულტურას. ბოლოსდაბოლოს, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ნახეთ რამდენი პოლიტიკოსის სახელი შემოგვინახა მსოფლიო ისტორიამ და რამდენი ხელოვანის სახელი; გავიხსენოთ ვინ ააშენა პირამიდები, პართენონი, ჯვარი… შეიძლება, არქიტექტორთა სახელი არ გვახსოვს, მაგრამ ქმნილება თავისთავად ხელოვნებას ეკუთვნის. ცივილიზაციას წინ სწევს ხელოვნება და მეცნიერება, პოლიტიკოსები კი, სამწუხაროდ,  ამუხრუჭებენ მას (ზოგიერთი მაინც), შემდეგ ისევ ხალხი უნდა აღდგეს და განაგრძოს განვითარება – ამას უნდება ათეულობით და ასეულობით წელი.

დღესდღეობით ქართული კინო კომერციულ ხასიათს ატარებს და აღარ იღებენ კლასიკას. რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად?

თითქმის არ იღებენ. რა თქმა უნდა, არ აინტერესებთ, იმიტომ, რომ  დღეს ყველაფერი კომერციაზეა გადასული და ვერც თანხებს მოიძიებ. თუ რამე ისტორიული კეთდება, ისიც კომერციული გათვლით.

მე არ მომწონს კომპიუტერის საშუალებით გამრავლებული ჯარები და ვერ აღვიქვამ ასეთ ფილმს, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. მაგალითად თურქული ფილმები: მათ ჩვენი დამპყრობელი, ოსმალეთის იმპერიის სიმბოლო, სულთანი სულეიმანი აქციეს ეროვნულ გმირად. თურქებისთვის, რასაკვირველია, ეროვნული გმირია, რადგან ნახევარი მსოფლიო დაიპყრო. თითქმის მთელი საქართველო ამას უყურებს. მე სპეციალურად ვუყურებდი, რათა მენახა, თუ როგორაა ეს ყოველივე გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ სულთანი დამპყრობელია, რეჟისორის გათვლის წყალობით და იმის გამო, რომ კარგად არის აწყობილი, მრავალ ქვეყანას აქვს ნაყიდი ეს ფილმი. ფაქტი ისაა, რომ ისინი ამას აკეთებენ და თან წარმატებით აკეთებენ. საქართველოში იმდენად უსუსურია მცდელობები (რაც დღეს ტელევიზიებში შეინიშნება), ეტყობა, რომ არც ფულია დახარჯული მასზე  ( ვერც დახარჯავდნენ, რადგან არ ჰქონდათ) და მსახიობური ნამუშევარიც ძალიან სუსტია, ამას არც არავინ უყურებს და არც სჭირდებათ.

ცოტა ხნის წინ, ბესიკ ხარანაულზე შექმნილი არაჩვეულებრივი ფილმი ვნახე ,,პირველ არხზე“ და ვერ წარმომიდგენია, რომ დღეს არ აიძულო მოწაფე, ეს არ ნახოს, ეს არ იყოს სკოლის პროგრამაში, რადგან დღეს არ იციან,  ვინ არის ბესიკ ხარანაული. ის ცოცხალი კლასიკოსია, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს. აღარავის აინტერესებს მხატვრები, ტოტალურმა უვიცობამ მოიცვა ჩვენი სკოლები და ამიტომ იქ, სადაც განათლება არ არის, მალე ერიც აღარ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თაობის დროს განათლების სისტემა ტოტალიტარული, პროპაგანდისტული იყო, ჩვენ  გვყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები (მარიამ დოჭვირი და სხვანი), რომლებიც სიმართლეს გვეუბნებოდნენ და არ გვატყუებდნენ.

რას გვეტყვით ფესტივალ ,,საჩუქარისშესახებ, მის დახურვასა და აღდგენაზე?

გეტყვით იმას, რომ  უკანონოდ გაჩერდა და კანონიერად აღდგა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და კულტურის სამინისტროს უნდა გადავუხადო, ბოლოს მერიაც ჩაერთო და ამისთვის ყველას დიდი მადლობა, რადგან წელს ჩვენ ისეთი უნიკალური პროგრამა გვქონდა ჩამოტანილი, რომ ევროპაში იშვიათია ფესტივალი, რომელსაც ასეთი სრულყოფილი პროგრამა ჰქონდა. ჩვენ ა კლასის სპექტაკლები  და სანახაობები გვქონდა ჩამოტანილი და, იმედია, ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს უფასოდ არ მოხდება, როგორც ადრე იყო  (11 წელი უჰონორაროდ ჩამოდიოდა ყველა), ის დრო სხვა იყო, ფულიც არ იყო მსოფლიოში (ჩვენთან – მით უმეტეს) და ამას უწევდნენ ანგარიშს და ახლა ვერავის ვთხოვ საქართველოში უჰონორაროდ ჩამოსვლას.

ხომ არ აპირებთ გადაიღოთ ფილმი?

მე ფილმის გადაღებაზე ვოცნებობ 1993 წლიდან. რამდენჯერმე შევიტანე სცენარი კინოცენტრში და უარი მითხრეს. ამ სცენარმა, რომელიც თამარ ბართაიას ეკუთვნის,  ძალიან ძლიერ კომისიაზე ბრიტანეთში 10-ბალიანი სისტემიდან 9,8 მიიღო. აქ კი არავინ დაინტერესდა ამით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა – ქუჩის ბავშვების – და იმდენად კარგადაა დაწერილი, რომ ისეც რომ გადაიღო, როგორც დაწერილია, წარმატება გარანტირებულია. მაგრამ იქნებ ბედმა ამაშიც გამიღიმოს და ცხოვრებაში კიდევ ერთი ფილმი გადავიღო, ვინაიდან უნდათ თუ არა ამის აღიარება, ჩემი ყველა ფილმი სამაყურებლო იყო.

25.12.13

გიორგი ჩუბინიძე

Please follow and like us: