საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით საქართველოში ეკონომიკის ზრდის ინდექსი 2,5%-მდეა შემცირებული, უმუშევრობის დონე კი წინა წელთან შედარებით 1,7%-ით გაიზარდა, სსფ-ის ”2013 წლის ეკონომიკურ პროგნოზში” ნათქვამია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელება განპირობებულია შემცირებული კერძო ინვესტიციებითა და კრედიტებით. ნოდარ ხადური სსფის დასკვნას არ ენდობა და აცხადებს , რომ ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას, რადგან ამ საკითხზე კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასა და სსფ-ს შორის არ ყოფილა. მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენების შეფასება ”თბილისი თაიმსმა” ექსპერტ იაშა მესხიას სთხოვა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მონაცემებით საქართველოში ეკონომიკის ზრდის ინდექსი 2,5 %-მდეა შემცირებული, როცა 2013 წლის დასაწყისში იგივე მონაცემი 6%-ი იყო, ხოლო ივნისსში 4 %-იან ზრდას ვარაუდობდნენ, თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს ფაქტი, ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა არის თუ არა ყოველივე ამის მიზეზი?
2013 წელს ეკონომიკური ზრდა, რომ დაგეგმილ 6 პროცენტს ვერ მიაღწევდა, ეს ცხადი იყო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. მართალია, გასული წლის პირველ კვარტალში 6 პროცენტიან ზრდას ჰქონდა ადგილი, მაგრამ შემდგომ ეს ტემპი დაეცა, შემცირდა აგრეთვე უცხოური ინვესტიციების მოცულობა. იმდენად ცოტა დრო იყო დარჩენილი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის შესადგენად, რომ ვერ მოხერხდა ახალი, უფრო რეალური ორიენტირის „ჩადება“. ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციები შეცვლიდნენ თავიანთ პროგნოზებს შემცირების მიმართულებით, ექსპერტებმა და მათ შორის მეც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დავაპროგნოზეთ წლიური 2–3 პროცენტიანი ზრდა. ამის საფუძველი იყო შემდეგი გარემოებები: ისეთ მცირე ზომის ქვეყანაში როგორიც საქართველოა, საარჩევნო პერიოდში ბიზნესი ყოველთვის გადადის მოლოდინის რეჟიმში. თანაც გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსხვილი ბიზნესი, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 80 პროცენტს აწარმოებს, შეზრდილი იყო ხელისუფლებასთან. მეორე პრობლემა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებას, იყო ქვეყანაში ჩამოყალიბებული ორხელისუფლებიანობა და აქედან გამომდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა. ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე ოპოზიციამ ბრალი დასდო ხელისუფლებას იმაში, რომ იგი ვერ ასრულებდა წინასაარჩევნო დაპირებებს, უფრო მეტიც, მათ გააჟღერეს ცრუ ინფორმაცია საბიუჯეტო კრიზისის დაწყების შესახებ. და მესამე ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება იყო ეკონომიკის გადალაგება ახალი მოთხოვნების შესაბამისად. ეს იყო ბიზნესის სრული გათავისუფლება სახელმწიფო ზეწოლისაგან, ადრე დაწყებული სამშენებლო პროექტების გადასინჯვა, ბიუჯეტის სოციალური ორიენტაციის ზრდა და სხვა. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი როლი მაინც რევანშიზმით გამოწვეულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ითამაშა.
ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება სსფ–ს მონაცემებს, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია სსფ–ის დასკვნა?
საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მიხედავად მისი დიდი ავტორიტეტისა, შეუცდომელი არაა. პირველი შემთხვევა როდია, რომ იგი არასწორ პროგნოზს აკეთებს. გარედან მხოლოდ შიშველი ციფრები ჩანს, რაც არაა საკმარისი მაღალი სიზუსტის პროგნოზის გასაკეთებლად. ამ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრს ეყო გამბედაობა და თქვა ის რაც თქვა. მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი პოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი პრემიერ მინისტრის დანიშვნის შემდეგ. თუ ქვეყანაში არ დამყარდა პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევა პრობლემური იქნება.
რა რეკომენდაციებს მისცემდით ხელისუფლებას?
ჩემი აზრით, უფრო მეტი გაბედულობა და სისწრაფეა საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით. უპირველეს ყოვლისა დასარეგულირებელია მონოპოლიზმის პრობლემა, მისაღებია შესაბამისი კანონი. გასაძლიერებელია მუშაობა საკუთრების დაცვის კუთხით. ამ მხრივ სამართლიანობის აღდგენა სრული მასშტაბით შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე გახმაურებულ პრობლემებს რაღაც ფორმით უნდა მოევლოს. მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მარტო ახლად შექმნილი საინვესტიციო ფონდები ვერაფერს გახდებიან, თუ ამ საქმეში სრულად არ ჩაერთო მთავრობის ყველა სტრუქტურა. საბანკო სექტორი უფრო „დამთმობი“ უნდა გახდეს კლიენტების მიმართ, მაღალი მოგება ბიზნესის მთავარი ორიენტირია, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ.
უმუშევრობის დონე საქართველოში 15%-ს აღწევს რაც, დსთის სივრცეში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სომხეთის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ეს მაჩვენებელი მომავალი წლისთვის 17,3%-ს მიაღწევს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ ამ რიცხვების შესამცირებლად და შეიმჩნევა თუ არა ხელისუფლების მიერ რაიმე სახის ძვრები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?
აქ სავალუტო ფონდი ნამდვილად ცდება. უმუშევრობის დონის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. პირიქით, მომავალ წელს გაიზრდება დასაქმების დონე, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურული პროგრამები, ამუშავდებიან ინვესტიციური ფონდები, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობენ დასაქმებას. ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროგრესული ძვრები ასევე დადებით გავლენას მოახდენს დასაქმებაზე. ერთი რამ ცხადია, უმუშევრობის ბუნებრივ დონემდე დაყვანას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ამისათვის საჭიროა ეკონომიკის სტრუქტურული გადაწყობა, ახალი ინოვაციური საწარმოების შექმნა, კრეატიული და კონკურენტუნარიანი ბიზნესის ფორმირება, ევროკავშირთან სრულფასოვანი სავაჭრო ურთიერთობის დამყარება, მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება და სხვა.
რამდენიმე დღის წინ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა, თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს, თქვენი პროგნოზი როგორია? რუსული ბაზრის გახსნა თუ მოახდენს ძირეულ ცვლილებას ქართული ეკონომიკის ზრდიის ტემპებზე და იქნება თუ არა ეს ბაზარი სტაბილური?
რუსული ბაზრის გახსნა უდავოდ დადებით გავლენა მოახდენს ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე, განსაკუთრებით იგი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღორძინდება ისეთი მიტოვებული კულტურების წარმოება როგორიცაა ჩაი, დაფნა და სხვა. თუმცა ბაზარი მაინც დივერსიფიცირებული უნდა იყოს, მარტო რუსულ ბაზარზე მიბმა მაინც დიდი საფრთხის შემცველია, რადგან მისი სტაბილურობის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორც ცნობილია, მთავრობა დაგროვებითი პენსიის რეფორმის გატარებას გეგმავს,თქვენი აზრით , როცა ქვეყანაში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია როგორ იქნება დაბალანსებული ეს პროცესი და რამდენად გამჭვირვალედ მოხდება ყოველივე ეს?
ეს საქმე მაინც დასაწყებია, მთელი მსოფლიო (განვითარებული ქვეყნები) ამ მოდელით მუშაობს. ვინც მუშაობს ის დააგროვებს მომავლისათვის სახსრებს, ხოლო ვინც არ მუშაობს ის მთავრობის შესანახი იქნება. ასეა თუ ისე, საპენსიო სისტემა ძირეულ რეფორმას საჭიროებს. აქ დასამალი არაფერია, რეფორმა სრული გაჭვირვალობით უნდა წარიმართოს.
ბატონო იაშა, თქვენი აზრით, მთავრობის მხრიდან დაგროვებითი პენსიის რეფორმა ხომ არ არის პოპულისტური და პიარზე გათვლილი ნაბიჯი?
არანაირი პოპულიზმი, ეს დაგვიანებულია. ამაში მე პოპულიზმის ნიშნებს ვერ ვხედავ.
არსებობს თუ არა მსგავსი პროგრამა საზღვარგარეთ?
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი პროგრამები არსებოს. იქმნება უზარმაზარი საპენსიო ფონდები, რომლების „აბრუნებენ“ თავისუფალ თანხებს და ზრდიან მის პირვანდელ მოცულობას.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არის თუ არა მოსალოდნელი ცვლილებები ეკონომიკაში? თქვენი პროგნოზი…
ცვლილებები ეკონომიკაში მუდმივი პროცესია, გაგრძელდება მუშაობა ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით, გააქტიურდება სტრუქტურული გარდაქმნები…და ა. შ. მაგრამ მთავარია ქვეყანაში იყოს პოლიტიკური სტაბილურობა და ცივილური ურთიერთობები.
26.10.13
ნინა პირტახია