ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ ოჯახი ადამიანის მთავარი საყრდენია, სადაც ვგრძნობთ სითბოს და მხარდაჭერას, მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა მაშინ, როდესაც ციხე-სიმაგრე ინგრევა და სიმშვიდის მაგივრად იგი განიცდის შიშს? საზოგადოებაში ოჯახში ძალადობის პრობლება უხამსად მიიჩნევა და თითქმის აკრძალულია. თუ არ მოხდება ამ სტერეოტიპების შეცვლა, ეს მიიყვანს ადამინს და მთლიანად ოჯახს სავალალო შედეგამდე.
რა იწვევს ძალადობას ოჯახში და როგორ დაიცვას ადამიანმა საკუთარი უფლებები ამ საკითხებზე ,,თბილისი თაიმსი’’ ესაუბრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროს ირმა ალადაშვილს.
ქალბატონო ირმა, თქვენი შეფასებით, რა არის ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები? ხშირ შემთხვევაში რა კატეგორიის ადამიანები არიან მსხვერპლის/მოძალადეს სტატუსის მატარებლები?
მიღებული და უკვე აღიარებულია, რომ ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზი არის ძალაუფლება და კონტროლი, როცა ოჯახის ერთი წევრი ცდილობს დაამყაროს კონტროლი და ამისთვის სხვა და სხვა ხერხებს მიმართავს. საქართველოს კანონმდებლობამ ოჯახში ძალადობის 5 ფორმა განსაზღვრა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური და იძულება. დამეთანხმებით, ხშირ შემთხვევაში ძალადობის მიზეზად ასევე ასახელებენ ეკონომიკურ-სოციალური ფაქტორს, ალკოჰოლს, ნარკომანიას.
მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ აღნიშნული ფაქტორები კი არ იწვევს ოჯახში ძალადობას, არამედ მაპროვოცირებულ ელემენტებად გვევლინება. თუ ოჯახში ძალადობა არსებობს, რომელიც რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში წარმოიშვა, მისი ხარისხი გაიზრდება და ოჯახის წევრებისთვის იგი უფრო შესამჩნევი იქნება. სამწუხაროდ, თუ მოძალადე ოჯახის მიმართ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა, ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ, ამას ფიზიკური ძალადობის ნიშნების ემატება.
მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გამიჯვნა. თუ ალკოჰოლი მოძალადეზე მოქმედებს ისე, რომ იგი გონების დაბინდვას იწვევს, რასაკვირველია, ის მოძალადეა, მაგრამ როგორც ტიპიური ოჯახში მოძალადის სახით არ განვიხილავთ. ალკოჰოლური ნივთიერების ქვეშ მოქცეული ძალადობას გამოხატავს ყველას მიმართ. მაგრამ თუ იგი ალკოჰოლის ქვეშ აკონტროლებს ყველასთან საკუთარ ქცევას, მაგრამ არ უნდა გააკონტროლოს ოჯახის კონკრეტულ წევრთან, საუბარია ტიპიურ ოჯახში მოძალადეზე.
სტატისტიკას, რომ გადავხედოთ, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მაგალითზე ვნახავთ, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მდედრობითი სქესი ხშირ შემთხვევაში მსხვერპლის სტატუსის მატარებელია, გამართლებელია. საქართველოში მსხვერპლთა 85% და მსოფლიო მასშტაბით უფრო მეტი სწორედ ქალბატონები წარმოადგენენ. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ასევე აღიარებულია, რომ თუ ბავშვი ესწრება ძალადობას, როგორც მესამე პირი, იგი უნდა განიხილებოდეს, როგორც ძალადობის მსხვერპლი. მართალია, მასზე პირდაპირ არ ხორციელდება ძალადობა, მაგრამ გარემო იმდენად მძიმეა, რომ უტოლდება ფსქოლოგიურ ტრავმას.
როდის დაარსდა თქვენი ორგანიზაცია და 2013 წლის მიხედვით პროცენტულად რამდენმა ადამიანმა მოგმართათ დახმარებისთვის, წინა წელთან შედარებით როგორ შეიცვალა ეს მაჩვენებელი?
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი დაფუძნდა 2006 წელს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2009 წლიდან ფონდის საქმიანობა გაფართოვდა და ჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები შეიმუშავა. მიჭირს იმის თქმა, საქართველოში ზოგადად რამდენი ადამიანია ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მატარებელი. შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რამდენმა მიიღო ჩვენთან დახმარება.
2009 წლიდან დღემდე ფონდი ოჯახში ძალაფობის მსხვერპლს აწვდის შემდეგი სახის დახმარებებს: ფსიქოლოგიური დახმარებადა რეაბილიტაცია, იურიდიული კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში წარმომადგენლობა, სოციალური პრობლემების მოგვარების მხარდაჭერა, სამედიცინო მომსახურება და თავშესაფრით მომსახურება, ეს არის 5 ტიპის სერვისი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სრულად მიეწოდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლს. ასეთ პირებს შეუძლიათ აირჩიოს ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება ან ხუთივეთი ისარგებლოს. თავშესაფრის მიწოდების პარალელირად დანარჩენი სერვისების მიწოდება კომპლექსურად ხდება.
საქართველოში დღეს-დღეობით რა სახის ძალადობები ჭარბობს და როგორ შეიოცვალა მაჩვენებელი ბოლო 3 წლის განმავლობაში? ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით, რამდენად მოგმართავენ მსხვერპლები დახმარებისთვის?
საქართველოს მაგალითზე ბოლო კვლევების მიხედვით, ყველაზე გავრცელებულია ფსიქოლოგიური ძალადობა. ამას შემდეგ მოსდევს ფიზიკური ძალადობა და მერე უკვე კომბინირებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ერთად. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ეკონომიკური ძალადობაც, თუმცა მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთი ძალადობის ქვეშ იმყოფება.
ყველაზე დაფარულია სექსუალური ძალადობა. აღნიშნული უფრო დაფარული იყო წლების წინ. საქართველოში დღეს უკვე არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც ოჯახის წევრები აღიარებენ, რომ მათ მიმართ ხორციელდება ამ სახის ძალადობა. 2000 წლების დასაწყისში არსებობდა მოსაზრება, რომ საქართველოში ოჯახურ ძალადობაზე მსხვერპლი არ ისაუბრებდა, დღეს ეს ვითარება შეიცვალა. ადამიანები უკვე აცნობიერებენ, რომ მათ მიმართ ძალადობა არ უნდა იყოს. თუ პირი თვითონ არ მივა ამ დასკვნამდე, ძალიან ძნელია ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირების მოხდენა.
მიმაჩნია, რომ წინა წლებთან შედარებით დახმარებისთვის მიმართვიანო გაიზარდა. ამის საფუძველზე ჩვენი მხრიდან უფრო ხშირად ხდება რეაგირება. არსებობს ისეთი შემთვევებიც, როდესაც ოჯახის წევრი უკმაყოფილებას გამოთქვავს იმის თაობაზე, რომ მათ მიმართ არ იყო გაწეული კანონით გათვალისწინებული სრული დახმარება. ამასაც თავისი ახსნა გააჩნია იმ ორგანოების მხრიდან, ვინც რეაგირებას ახდენენ: პოლიციელი ადგილზე მიდის და ძალადობის მსხვერპლი ყოველგვარი ღონისძების გამოყენებაზე თვითონ აცხადებს უარს, რასაკვირველია, აღნიშნული პოლიციელისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.
საქართველოში რამდენი სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობს? რა სახის დახმარებებს სთავაზობენ მსხვერპლს?
სახელმწიფო ფონდის დაქვემდებარებაში დღეს-დღეობით შედის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 3 თავშესაფარი, ერთი გახლავთ თბილისში, მეორე გორში. აღნიშნული თავშესაფრები გაიხსნა 2009 წელს. მესამე სავარაუდოდ წლის ფოლომდე გაიხსნება ქუთაისში, რომელიც 2014 წლიდან უკვე მოემსახურება ადამიანებს. ხშირ შემთხვევაში პირს სურს თბილისის თავშესაფარში მოხვერა და აღნშნულთან დაკავშირებით ვაწყდებით პრობლემას თავისუფალი ადგილების არქონის გამო. გადაუდებელ შემთხვებში შეგვიძლია ბათუმის ტრეფიკინგის თავშესაფრითაც მოვემსახუროთ.
არის თუ არა მოძალადეებისათის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო ცენტრები და რამდენად შედეგიანია ჩატარებული ღონისძიებები?
როგორც უკვე ავღნიშნე, სახელმწიფოს ფონდი მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებას ახორციელებს. რაც შეეხება მოძალადეებს, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მათთვის სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას. რამდენიმე წლის წინ რეაბილიტაციის კონცეფცია იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, ასეთი პირების ქცევის შეცვლისთვის და აგრესიის მართვისთვის გარკვეული სარეაბილიტაციო ღონისძებები უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპზე ქმედითი ღონისძიებები არ არსებობს, გარდა კანონისა და კონცეფციისა.
2015 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერილი არის, რომ მოძალადეთა რეაბილიტაციის გარკვეული პროგრამები უნდა შეიქმნას, ამიტომ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტში, რომელიც უკვე პარლამენტში ინიცირებულია, არის განსაზღვრული ქცევის შეცვლის სავალდებულო სწავლება. კანონმდებლობასთან დაკავშირებით, აქვე ავღნიშნავ, რომ შესაძლოა საქართველომ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება მოახდინოს, რომელიც ქალთა მიმართ და მათ შორის ოჯახში ძალადობის პრევენციას ეხება.
სამწუხაროდ, მსოფლიოს პრაქტიკა ასეთია, რომ განვითარებული ქვეყნების უმეტესობამ აირჩია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებზე ზრუნვა, ვიდრე მოძალადეებზე. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოძალადეების მიმართ გარკვეული სარეაბილიტაციო ღონისჩიებები გაატარეს, მაგალითად ავსტრიამ, ფაქტიურად შედეგი ვერ მიიღეს და სარეაბილიტაციო ცენტრების დაფინანსების შეწყვეტა მოუწიათ.
რამდენად არიან ჩართულნი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში?
მინდა ავღნიშნო, რომ როგორც თბილისში, ასევე გორში არსებული თავშესაფრების შექმნა, აღჭურვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იყო დაფინანსებული, შესაბამისად, ქუთაისში თავშესაფრის გახსნა, რეკონსტრუქცია ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში იქნება დაფინანსებული. სახელმწიფო დაფინანსებაზე მოგვიანებით გადმოვა. მანამდე დასაქმებული პირებს ხელფასს სახელმწიფო ფონდი გადაუხდის, აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ფონდს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
თქვენი ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, საქართველო მერამდენე ადგილზეა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით? როგორ იცვლება ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე?
სამწუხაროდ ასეთი ინფორმაცია არ მომეპოვება, თუმცა ავღნიშნავ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.
ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი სხვადასხვა მიზეზების გამო უარს ამბობს დახმარებისთვის მიმართვაზე. ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ მათ არ იციან ვის მიმართონ და შემდგომ რა იქნება. რა რჩევებს მისცემდით ასეთ პირებს? სამართლებრივი თვალსაზრისით დაცვის რა ხერხები არსებობს?
რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა და განიცდის ძალადობას უნდა მიმართოს პოლიციას, რადგან მათ გააჩნიათ რეაგირების ყველაზე სწრაფი მექანიზმები.კანონში გაწერილია შემაკავებელი და დამცავი ორდერები, რომლებიც გამოიცემა მსხვერპლთა დაცვის მიზნით და გარკვეულ ქმედებებში ზღუდავს მოძალადეს. გარდა ამისა, პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. სახელმწიფო ფონდი უწევს დახმარებას ისეთ პირებს, რომლებსაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი აქვთ დადგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი სტატუსის არმქონე პირებს არ შეუძლიათ დარეკონ ფონდის ნომერზე. მათ გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას და მიაწვდიან ინფორმაციას შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით.
23.12.13
მარინა ფიდუაშვილი