წინა და ახალი მთავრობის მიღწევებსა თუ კრახზე,  ბოლოდროს განვითარებულ პოლიტიკურ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე და მოვლენებზე  ესაუბრა ”თბილისი თაიმსს”  ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, იურისტი კახი კახიშვილი.

ბატონო კახი, თქვენი შეფასებით რომელია 5 ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი ნაბიჯი ძველი და ახალი ხელისუფლების?

წინა ხელისუფლების წარუმატებელ ნაბიჯებზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, რადგან ძალიან ბევრია, წარმატებულ ნაბიჯებად კი შეგვიძლია ჩავთვალოთ პატრულის რეფორმა, იუსტიციის სახლები, განათლების რეფორმა და სხვა ბევრი რეფორმ, თუმცა ეს წარმატებები იმდენად თავში აუვარდათ ვეღარ „დაამუხრუჭეს“, ძალიან მაღალი იყო კორუფცია, მიკერძოებული იყო სასამართლო, ამ ყველაფერმა ხაზი გადაუსვა მათ წარმატებულ ნაბიჯებს. ახალი ხელისუფლების დადებითი ნაბიჯებია – საყოველთაო ჯანდაცვა, თავშესაფრები უსახლკაროებისთვის, ახალი ხელისუფლების დამსახურებაა ასევე ის, რომ საზოგადოებაში შიშის ფაქტორი აღარ არსებობს, მაგრამ ამის პარალელურად ძალიან ბევრი პრობლემა მოუგვარებელი რჩება, მაგალითად დასაქმება, სოცილაურ უთანასწორობა, საზოგადოება დაყოფილია ძალიან მდიდრებად და ძალიან ღარიბებად, სიღარიბის დონე ძალიან მაღალია ქვეყანაში და მთავრობის მხრიდან შესაბამისი კომპენსაციები ჯერ კიდევ არ არსებობს, სხვა პოლიტიკურ პრობლემებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. უარყოფითი მოვლენა ამ მთავრობის მხრიდან არის დიდი რაოდენობით პრემიების გამოწერა, ფუფუნების საგნების – ძვირადღირებული ავტომობილების ბიუჯეტის ხარჯებით შეძენა, სამართლიანობის აღდგენის საკითხიც ძალიან მოიკოჭლებს, ამ კუთხით საზოგადოების მოლოდინი არ გამართლდა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება ამ ხელისუფლების იმიჯზე.

თქვენი აზრით, თვითმმართველობის კანონი, რომელიც ახალი მთავრობის ახალი რეფორმაა, რამდენად მიზანშეწონილია მისი განხორციელება ჩვენს ქვეყანაში?

ეს კანონი საშუალებას იძლევა ძალიან ბევრი თანამდებობა არჩევითი იქნას ქვეყანაში, მაგრამ თუ იქნება შთაბეჭდილება იმის, რომ მაინც ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს მაშინ რა აზრი აქვს არჩევნებს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, ასევე სხვა პოლიტიკური ძალის კანდიდატს  თანაბარი სასტარტო პირობები უნდა ქონდეს, მაგრამ საარჩევნო კოდექსი მთლიანად სახელისუფლებო რესურსსა და პათოსზეა აწყობილი. თუ მაინც მეცოდინება, რომ ყველა შემთხვევაში მაინც სახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს რა აზრი აქვს, რა თანამდებობა იქნება არჩევითი და რა დანიშვნადი. თვითმმართველობის კანონში ძალიან ბევრი პუნქტი შეიცვალა. ის კანონი რაც ნარმანიამ წარმოადგინა, ახლა მთლიანად შეცვლილია იმის შემდეგ რაც საზოგადოებამ გააპროტესტა. თუ ამ კანონ-პროექტით თვითმმართველობის ევროპული მოდელისკენ მივდივართ, ის პირველრიგში უნდა გაიგზავნოს გადასახედად ევროპის ინსტანციებში, ვფიქრობ ასეთმა მასშტბაურმა პროექტებმა ექსპერტიზა უნდა გაირონ ევროპაში.

თვითმმართველობის კანონ-პროექტის პირველი ვერსიის ინიციატორი არის დავით ნარმანია, როგორ აფასებთ  ”ქართული ოცნების”  მხრიდან თბილისის მერად მისი კანდიდატურის წამოყენებას?

ნარმანია უკვე ამ კანონ-პროექტის ინიციატორად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მის მიერ ინიცირებული კანონი დღეს, საბედნიეროდ, მთლიანად სახეშეცვლილია, ”ქართული ოცნების” გადასაწყვეტი იყო თუ ვის წარადგენდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 6-7 თვით ადრე არჩევნებამდე კანდიდატურის დასახელება არ იყო მიზანშეწონილი, რადგანაც ასოციაცია დაიბადა თითქოს ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატურა უნდა იყოს აუცილებლად მომავალი მერი, ის მინისტრია, 24 საათი ტელევიზორშია, ამით გარკვეულწილად უფასო პიარს უკეთებს საკუთარ თავს, მისი მერობის კანდიდატად დასახელებისთანავე ის უნდა გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ამით უთანასწორო პირობები იქმნება სხვა დანარჩენი კანდიდატებისთვის. ყველასთვის ნაცნობი ხრიკია ხელისუფლების მხრიდან კანდიდატის რამდენიმე თვით ადრე დასახელება, რადგანაც ამ დროს გარკვეულ პოპულისტურ ნაბიჯებს აქვს ადგილი, ეს ნაცმოძრაობისთვის დამახასიათებელი ჩვევა იყო და ძალიან გული მწყდება, როცა ”ქართული ოცნება” იგივეს იმეორებს. ნარმანიას გადადგომით ყველა მერობის კანდიდატს თანაბარი პირობა შეექმნება წინასაარჩევნო კამპანიისთვის. რაც შეეხება პირადად ნარმანიას კანდიდატურას, მას რომ კენჭი ეყარა რომელიმე არასაპარლამენტო პარტიის კანდიდატად, ნათელია, რომ გამარჯვების შანსი არ ექნებოდა, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული კანდიდატია, მას გამარჯვების შანსი უჩნდება, ამ შანს კიდევ უფრო ამყარებს ის, რომ  ხელისუფლებაშია და ხელისუფლებაზე მორგებულია საარჩევნო კოდექსი. ეს კოალიცია როდესაც ოპოზიციაში იყო 30%-იანი ბარიერის 50%-მდე გაზრდას ითხოვდა, ახლა კი როცა ხელისუფლებაში არიან არაფერს ცვლიან.

გიგი უგულავას მიმართ ბრალი წაყენებას როგორ შეაფასებდით, იმოქმებდებს ეს ფაქტი ქვეყნის იმიჯზე?

არამგონია ამ მოვლენებმა ქვეყნის იმიჯზე იმოქმედოს, მე პირადად ძალიან მომეწონა,რომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდა, არ არის გასაკვირი როცა არსებობს კითხვები პროკურატურის მხრიდან  მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირების მიმართ, მთავარია პროცესებმა მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩაიაროს, არ მოხდეს პოლიტიკური დევნა და სამართალდამცავი სისტემა პროკურატურიანად იქნეს დეპოლიტიზირებული.

ბატონო კახა, თქვენი აზრით ხელისუფლების კურსი უკრაინასთან მიმართებაში რამდენად სწორადაა შერჩული? მაშინ როცა მიშა სააკაშვილი უკრაინაში ჩადის და მაიდანზე მკვეთრ განცხახდებებს აკეთებს, ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს, როგორ აფასებთ ამ პროცესს?

მიშა სააკაშვილი პრეზიდენტი უკვე აღარაა, მისი ამოცანაა გადაიქცეს გლობალურ პოლიტიკურ ფიგურად, მას სურვილი აქვს საერთაშორისო მშვიდობის მტრედის ამპლუაში იყოს, რჩება შთაბეჭდილება თითქოს, მას სურს თავისი თავი მოიყვანოს იმ პოლიტიკური ლიდერების ასოციაციაში, რომლებიც ცდილობდნენ საერთაშორისო პრობლემების გადაჭრას. სააკაშვილი ცდილობს მისი სახელი არ დაიკარგოს და ამ რანგში რაღაც ნიშა დაიკავოს, მას პასუხისმგებლობაც აღარ გააჩნია ქვეყნის წინაშე და თავის მოქმედებებშიც თავისუფალია, ხელისუფლება კი ქვეყნის სახეა და დაფიქრება მართებს თითოეული სიტყვის წარმოთქმისას, ამიტომ, მათ მიერ არჩეული პოზიცია არასწორ ნაბიჯად არ შეიძლება ჩაითვალოს.

25.12.13

ნინა პირტახია

Please follow and like us: