აზრი, რომ ბოლო წლებში სამშენებლო სექტორში კრიზისია და ბანკები მათზე სესხის გაცემისგან თავს იკავებენ ხშირად გვსმენია. ”თბილისი თაიმსი” სამშენებლო კომპანიების ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა და მორიგი ბლიც გამოკითხვით შეეცადა სამშენებლო ბიზნესში არსებული სიტუაცია დაედგინა.
გამოიკითხა 7 სამშენებლო კომპანია: აქსისი; არსი; ოლიმპიური ვარსკვლავი; რედიქსი; ტიფლის დეველოპმენტი; სასკო და კიდ არქიტექტურა.
გამოკითხული შვიდივე კომპანია ადასტურებს სამშენებლო კომპანიაში არსებულ კრიზისს, ხუთ კომპანიაში აცხადებენ, რომ კრიზისი მათ საქმიანობაზეც აისახა, სამმა კომპანიამ 2013 წელი ფინანსური მოგებით დაასრულა, ხოლო ოთხისთვის ეს წელი წამგებიანი იყო. გამოკითხული ხუთი კომპანია ფინანსური კრიზისის გამო საახალწლო აქციებსა და ფასდაკლებებს არ გეგმავს. გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს:
სამშენებლო კომპანია აქსისში აცხადებენ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული სამშენებლო ბიზნესში კრიზისია, რაც კომპანიაზე მძიმედ აისახა, თუმცა ბოლო პერიოდში აქსისი ნელნელა მდგომარეობიდან გამოდის. 2013 წელს გამომდონარე კრიზისიდან კომპანიას ახალი პროექტი არ წამოუწყია, ძირითადად დაკავებული იყო წინა წლებში აღებული ვალდებულებების შესრულებით, არც მომავალ წელს გეგმავს ახალი პროექტების წამოწყებას, ეს წელიც ვალდებულებების ბოლომდე შესრულებას დაეთმობა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის მიმდინარე წელი მომგებიანი არ ყოფილა, ბოლო ერთი წელია გარემო ბიზნესის კეთების კუთხით გაუმჯობესდა და ვითარება საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა ამ მოვლენას ხელისუფლების ცვლილებასთან არ აკავშირებენ. აქსისში წინასაახალწლოდ იგეგმება ფასდაკლებები, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი ზუსტად რომელ პროექტს შეეხება.
დეველოპერულ კომოანია არსში აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორში 2008 წლიდან პრობლემაა, კრიზისი კომპანიაზეც აისახა, თუმცა ნელნელა მდგომარეობა გამოსწორების გზას ადგას. 2013 წელს კომპანია არსმა მხოლოდ ორი პროექტი დაასრულა – სახლი ვაკის პარკთან და განაახლა ”ქარვასლა”. მომავალი წლისთვისაც ორი პროექტის განხორციელება იგეგმება. 2013 წელი არსისთვის მომგებიანი არ ყოფილა, კომპანია ჯერ კიდევ 2008 წლიდან აღებული ვალდებულებების შესრულებას ცდილობს. კომპნიაში აცხადებენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით არ შეცვლილა. არსი საახალწლოდ აქციებსა და ფასდაკლებებს არ გეგმავს, რადგანაც კომპანიაში ფინანსური პრობლემებია.
ოლიმპიური ვარსკვლავი სამშენებლო სექტორში კრიზისის ფაქტს ადასტურებს, მათი განცხადებით კრიზისი კომპანიაზეც აისახა. პროქტების განხორციელების თვალსაზრისით 2013 წელი ოლიმპიური ვარსკვლავისთვის ნაყოფიერი არ ყოფილა, კომპანიაში ვერც 2014 წლის გეგმებზე ვერ საუბრობენ, საბანკო პრობლემები დიდ პრობლემას უქმნის მათ მუშაობას. 2013 წელი ოლიმპიურმა ვარსკვლავმა ფინანსური წაგებით დაასრულა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით უმნიშვნელოდ შეიცვალა. ხელისუფლების მხრიდან ხელისშეშლა არ არის თუმცა საბანკო კრიზისის დაძლევაში, დაპირების მიუხედავად, მათ არავინ ეხმარება. ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე კომპანია საახალწლო აქციებს ვერ გეგმავს.
რედიქსში აცხადებენ, რომ ზოგადად ქვეყანაში სამშენებლო კრიზისია თუმცა მათზე ეს ფაქტი არ აისახა, 2013 წელს რედიქსმა საკმაოდ ბევრი პროექტი განახორციელა: კლუბი 71, სასტუმრო კაბადონი, A კლასის საცხოვრებელი სახლი, „ჰიუტონ პალასი“ და ა.შ. 2014 წელს ახალი პროექტები არ იგეგმება, ძირითადად უკვე დაწყებული მშენებლობების დასრულებას გეგმავენ. 2013 წელი რედიქსმა ფინანსური მოგებით დაასრულა, კომპანიაში აცხადებენ რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით არ შეცვლილა. საახალწლო აქციები კი გეგმაში არ აქვთ.
ტიფლის დეველოპმენტში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში არსებული სამშენებლო კრიზისი მათ კომპანიაზე ნაკლებად აისახა და ისინი საქმიანობას ჩვეულებრივად განაგრძობენ. 2013 წელი ამ კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო, წამოიწყეს ისეთი პროექტები როგორიცაა: „ტიფლის ბიზნეს ტაუერი“, „გლდანი პალასი“, „სახლი მტკვარზე“ და ა. შ. მომავალი წლისთვის კი ძირითადად წინა წლებსი წამოწყებული პროექტების დასრულება იგეგმება. ტიფლის დეველოპმენტმა წელი მოგებით დაასრულა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ხელისუფლების ხელში ბიზნესგარემო ძირეულად არ შეცვლილა, საახალწლოდ კი რამდენიმე აქციას გეგმავენ, საახალწლო ფასდაკლებები უკვე ძალაშია 31 დეკემბრამდე.
სასკო- კომპანიაში აცხადებენ რომ სამშენებლო კრიზისმა დაღი დაასვა კომპანიის საქმიანობას, კომპანიას საბანკო პრობლემები აქვს, ამიტომაც ახალი პროექტები არც წინა წელს დაუგეგმავს და არც 2014 წლისთვის გეგმავს, ძირითადად წინა წლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას ცდილობს. ბოლო 5 წელი კომპანიისთვის ფინანსურად წამგებიანი იყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით ჯერჯერობით არ შეცვლილა, თუმცა მოლოდინები აქვთ, რომ ხელისუფლება დაეხმარებათ კრიზისიდან გამოსვლაში. ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე სასკო საახალწლო აქციებს არ გეგმავს.
კიდ არქიტექტურაში აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის 50%-ი სამშენებლო ბიზნესზე მოდიოდა, დღეს კი ამ სექტორში უზარმაზარი კრიზისია, რაც აისახა კიდ არქიტექტურაზეც, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ”თბილისი თაიმსთან” საუბარში განაცხადა, რომ ბანკების მხრიდან მაღალმა საპროცენტი განაკვეთმა, ინვესტორების გადინებამ კომპანია ჩაძირვის პირას მიიყვანა, კომპანიას 2013 წელს პროექტები არ განუხოხრციელებია, 2014 წლისთვის კი უამრავი გეგმა აქვთ თუმცა ინვესტორის მოლოდინში არიან, ბანკები კი მათზე სესხს არ გასცემენ და თანადაფინანსებას ითხოვენ. კომპანიას უწევს თანამშრომლების შემცირება, ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარი რჩება, მოთხოვნა კი დიდია მაგრამ თანხა არა აქვთ, რომ პროექტები განახორციელონ. დირექტორისვე განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით არ შეცვლილა, თუმცა მოლოდინი აქვთ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ელოდებიან. ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე კომპანია საახალწლო აქციებს არ გეგმავს.
გასულ წლებში სამშენებლო სექტორის ლიდერი – ”ცენტრ პოინტ ჯგუფი” დღეს დაყადაღებულია, მისი ვალდებულებები კი კომპანია ”დექსუსმა” გადაიბარა, აღნიშნული კომპანიის წამომადგენლებმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.
25.12.13
ნინა პირტახია