დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთათვის სპეციალური პორტალი შეიქმნა. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის – www.worknet.gov.ge პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა და მათთან ერთად, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიიღეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამუშაოს მაძიებელთა აღწერა და მონაცემთა ბაზის შექმნა, არამედ მთლიანად შრომის ბაზრის შესწავლა და მიწოდება მოხმარების მხრივ. მნიშვნელოვანია იმის სტრატეგიული დაგეგმვა, თუ რა პროფესებია მოთხოვნადი, როგორ შეიძლება სამუშაოს მაძიებლის გადამზადება. ეს თავისთავად დასაქმება არ არის, ეს შრომის ბაზრის შესწავლაა, რომლის მონაცემებიც მოსახლეობას მნიშვნელოვნად გამოადგება იმისთვის, რომ მათთვის წარმატებული სამსახური მოძებნოს”, – აცხადებს დავით სერგეენკო.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსის თეა სტურუას განმარტებით კი, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის ამოქმედება ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოპოვებას, მის გაანალიზებას, სტრუქტუირებას და შემდგომში თოთოეული დაინტერესებული პირისთვის – სამუშაოს მაძიებლისთვის, თუ დამსაქმებლისთვის მის მიწოდებას.
“აღნიშნული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, ადამიანმა განსაზღვროს, დაგეგმოს კარიერა და მიიღოს გადაწყვეტილება, რა მიმართულებით, რომელ კონკრეტულ სფეროებში შეუძლია მას სამუშაოს მოძიება. ასევე დამსაქმებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, საქართველოს მასშტაბით – თითოეული რეგიონის, ქალაქის თუ სოფლის დონეზე, რა სამუშაო ძალასთან გვაქვს კავშირი, რათა საკუთარი ბიზნესი დაგეგმონ”, – აღნიშნა სტურუამ.
ელექტრონული პორტალი www.worknet.gov.ge მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა.
25.12.13