შპს “ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკეს” დირექტორი, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება ამის შესახებ ლევან ჩხაიძის ადვოკატი, დავით კოდანაშვილი აცხადებს.
ჩხაიძეს აღმკვეთ ღონისძიებად 20 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს. საქალაქო სასამართლოში პროკურატურა სწორედ გირაოს შუამდგომლობით შევიდა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშიორებით, გასაჩივრდება თუ არა გირაოს შეფარდების საკითხი სააპელაციო წესით.
პროკურატურა ლევან ჩხაიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ფალსიფიკაციას გულისხმობს.
წინასასამართლო სხდომა შპს “ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკეს” დირექტორის საქმეზე 13 თებერვლისთვის ჩაინიშნა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს “ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკეს” დირექტორი ლევან ჩხაიძე, შპს “მადიანის” დირექტორი მამუკა პირველაშვილი, შპს “მადიანის” ტექნოლოგი გელა ვაჩეიშვილი და შპს “ვერძის” დირექტორი მახარე ლემონჯავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკეს” მიერ წარმოებული: ძეხვები: “ვაკე სერველადი” და “პაპრიკა”, სოსისები: “ვაკე ივერია კოლაგენში” და “ვაკე საგაზაფხულო”, “საგაზაფხულო”, სარდელი “შპიკი”, ასევე შპს “მადიანის” მიერ წარმოებული: ძეხვი “მადიანი სუფრული”, სოსისები: “სპეცი”, “ივერია”, “მადიანი საბავშვო”, “გურმანი”, “ჰანოვერი”, “საბავშვო” შპს “ვერძის” მიერ წარმოებული: ძეხვები: “ტეხურა”, “კრაკოვური”, “მოყვარულთა”, “დელიკატესური”, “მონადირული” სოსისი “ტეხურა”, ნახევარფაბრიკატი ქაბაბი და გუფთა თვითღირებულების შემცირების მიზნით, ხშირ შემთხვევაში დამზადებულია წყლისა და სახამებლის დადგენილ ნორმებზე მეტი რაოდენობის შერევით, ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზით არის ფალსიფიცირებული, მოხმარებისათვის უვარგისი და სტანდარტებთან შეუსაბამო.
გამოძიების ინფორმაციით, ასევე, რიგ სახეობებში აღმოჩნდა სანიტარული წესებითა და ნორმებით დადგენილზე მეტი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების (კოლიფორმები) რაოდენობა.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის I ნაწილით რაც ითავალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.
27.12.13