ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზატკეცილს ჭაბუა ამირეჯიბის სახელი მიენიჭა. შესაბამისი დადგენილება თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
დადგენილების დამტკიცებისას საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ დედაქალაქის მთავრობას მიმართა თხოვნით, უზრუნველყოს ასევე ჭაბუა ამირეჯიბის მემორიალური დაფის განთავსება.
თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სახელი შეეცვალა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღს. ბაღს დღემდე პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდებოდა, თუმცა, საკრებულოს გადაწყვეტილებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ერქმევა.
სახელწოდებებთან დაკავშირებით თბილისში კიდევ ერთი ცვლილებაა. საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში, წყაროს ქუჩასთან არსებულ ჩიხს წყაროს სახელი მიენიჭა.
29.12.13