1354107028_sergeenkoC ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-ით დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი, სასჯელაღსრულების სისტემა კი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს პატიმრებს უფასოდ მიაწვდის.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მისი მოადგილე მარიამ ჯაში, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე ესწრებოდნენ. 

როგორც მინისტრებმა პრეზენტაციის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, სახელმწიფო შესყიდვით C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტზე დაფიქსირებული ფასი რეგიონში ყველაზე დაბალი, მსოფლიოში კი ეგვიპტის შემდეგ ყველაზე დაბალია.

მინისტრების ინფორმაციით, 2014-2015 წლებში სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება პატიმრებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი 1 000 პაციენტისათვის C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა. კერძოდ, პირველი მარტიდან 1000 პატიმრისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უფასო იქნება. 

ჯანდაცვის სამინისტრო 1000 პატიმრისთვის პეგილირებულ ინტერფერონს 158.67 ლარად შეიძენს, რაც დღეს საქართველოს ბაზარზე აღნიშნული მედიკამენტის დაფიქსირებულ ფასზე 60%-ით ნაკლებია. იგივე შეღავათიანი ფასი გავრცელდება სამოქალაქო სექტორის 10 000 პაციენტზე, რომელთაც 1-ლი ივლისიდან საშუალება ექნებათ აღნიშნული მედიკამენტი 92.88 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეიძინონ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, პაციენტების რეგისტრაცია პირველი თებერვლიდან დაიწყება. მისივე თქმით, მედიკამენტის დაბალ ფასში შესაძენად დაწესებულია კრიტერიუმები, რათა რეგიონისთვის მიმზიდველი ფასიდან გამომდინარე, მისი მარტივად გადაყიდვა არ მოხდეს. კერძოდ, მედიკამენტების შეძენა დაბალ ფასად შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც არის საქართველოს მოქალაქე, დროებით მცხოვრები, ვისაც აქვს დადასტურებული დიანოზი და დადასტურებული დანიშნულება. 

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით კი, გარდა იმისა, რომ ჩ ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი 1 000 პატიმარს უფასოდ მიეწოდება, ასევე მოხდება 5 000 პატიმრის აცრა B ჰეპატიტზე, 12 000 პატიმარს კი გამოკვლევა ჩაუტარდება. მისივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის 48 კვირიანი კურსის ჩატარება მოქალაქეებს 13 000 დოლარი უჯდებოდათ მაშინ, როდესაც ახლა მკურნალობა 4 000 დოლარზე ოდნავ მეტი დაუჯდებათ.

მედიკამენტების მიწოდებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება შპს “ჯი-ემ-პი”-სთან გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს “როშეს” პროდუქციას მოაწვდის.
პირველ ეტაპზე პირველი ივლისისთვის შეღავათიან ფასად უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფერონის 6 000 ერთეული. პაციენტებს მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი აფთიაქებიდან.

ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის, მედიკამენტის ფასის, შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე WWW.MOH.GOV.GE. ასევე ცხელ ხაზზე 15-05.

09.01.14

Please follow and like us: