загруженноеთბილისის საკრებულოში შექმნილმა სარევიზიო კომისიამ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ფინანსურ დოკუმენტაციებში რიგი დარღვევა აღმოაჩინა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დარღვევების შესახებ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეცემა.

“ჩვენ შევისწავლეთ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2012 წლის ფინანსური დოკუმენტაცია და გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები – სადარბაზოებში სენსორული სანათების დამონტაჟებისთვის გამოყოფილი იყო 672 655 ლარი, საიდანაც 617 ათასი ლარი დაიხარჯა. ყველა ხელშეკრულება გაფორმებული იყო მხოლოდ ერთ კომპანიასთან –შპს “თბილისი გრუპთან”. ესაა კონკრეტულად გიგი უგულავას ფირმა და მას ხელმძღვანელობს მასთან ძალზედ დაახლოებული ადამიანი. ამ შემთხვევაში არსებობდა გამგეობის მიერ გამოცემული დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, რადგან შემსრულებლის მიერ ფინანსური დოკუმენტაცია კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით არის წარმოდგენილი”, – განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ და

იქვე დასძინა, რომ შპს “თბილისი გრუპმა” 2011-2012 წლებში ყოველგვარი ტენდერების გარეშე მილიონობით ლარის სამუშაოები შეასრულა დედაქალაქში.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, გამოიკვეთა სხვა სახის დარღვევებიც.

“დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა გამგეობის მიერ მომსახურების შესყიდვა განხორციელდა “გადაუდებელი აუცილებლობიდან” გამომდინარე, თუმცა რეალურად ეს აუცილებლობა არ არსებობდა. ამავე დროს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი გამგეობის მხრიდან საერთოდ არ ხდებოდა, მაშინ როცა ეს მისი პირდაპირი ვალდებულება იყო. მაგალითისთვის, “გადაუდებელი აუცილებლობიდან” გამომდინარე 2012 წლის აგვისტოს თვეში დაიდო ხელშეკრულება შპს “ბლექსი გურპთან” – ესაა ორგანიზაცია, რომელშიც იკვეთება ბატონი გივი თარგამაძის ინტერესები. ხელშეკრულება არის 750 ათას ლარიანი და საერთოდ არაა მითითებული შესრულებული სამუშაოების შესახებ. ამასთან, არის შემდეგი სახის დარღვევაც: არსებობდა ე.წ. სპორტული მოედნების კოორდინატორების ინსტიტუტი, სადაც გაფორმებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქაც საბიუჟეტო თანხების არამიზნობრივად, პოლიტიკური მიზნით გამოყენება ხდებოდა. ესაა დანაშაული და ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ეს ყველაფერი გადაეცემა სამართლადამცავ ორგანოებს”, – აღნიშნა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ.

13.01.14

Please follow and like us: