ბოლო რამდენიმე თვეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურად უფასურდება, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ პოლიტიკას გაამკაცრებენ მხოლოდ მაშინ თუ ლარის მერყეობა ინფლაციურ პროცესებში გადაიზრდება.
თუ რას უკავშირდება ლარის კურსის ვარდნა, სავარაუდოდ როდისთვის მოხერხდება კურსის გამყარება ”თბილისი თაიმსისს” მორიგი ბლიც – გამოკითხვა სწორედ აღნიშნულ პრობლემურ საკითხს შეეხო.
გამოკითხული 7 ექსპერტიდან აღმოჩნდა, რომ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ნაწილი ექსპერტების ვარაუდობს, რომ ლარის გამყარება მიმდინარე თვის ბოლოს მოხდება, ნაწილი კი ამ პროცესის დაწყებას გაზაფხულისთვის ვარაუდობს.
გთავაზობთ გამოკითხული ექსპერტების პროგნოზს:
მიხეილ თოქმაზიშვილი ლარის კურსის ვარდნას უკავშირებს საიმპორტო საქონელზე მოთხოვნის ზრდას, მისი განცხადებით, ლარის კურსზე ძირითად მოქმედებას ახდენს ფულადი ნაკადები, ეს ეხება ექსპორტსა და იმპორტს. დღეს ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა იზრდება, მოთხოვნა იმპორტზე უფრო მეტია, ამან გამოიწვია ლარის კურსის დაცემა, იმპორტზე მოთხოვნა როგორც წესი დეკემბრის თვეში იზრდება და ეს საგანგაშო არ არის, იანვარი ეკონომიკურ სფეროში პასიური პერიოდია, ამიტომ ექსპერტი ლარის კურსის გამყარებას გაზაფხულისკენ ვარაუდობს. თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ ეროვნული ვალუტის დასარეგულირებლად საჭიროა უცხოური ინვესტიციების შემოდინებასა და ეროვნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყოს ხელი.
მიხეილ დუნდუა: „ერთი შეხედვით რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღედეს, ლარის ვარდნა პოზიტიური ეკონომიკური პროცესების შედეგია. განვაანალიზოთ ფაქტები: საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე ეკონომიკამ მკვეთრი გამოცოცხლება დაიწყო. ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ წლიური გაანგარიშებით 7,8%–ი შეადგინა, დღგ–ს გადამხედელთა ბრუნვა 15%–ით გაიზარდა, ეკონომიკამ მკვეთრი გამოცოცხლება დაიწყო, ექსპორტი, რომელიც გასული წლის დასაწყისიდანვე საოცრად კარგი ტემპით იზრდებოდა, კიდევ უფრო დაწინაურდა… დაააკვირდით! – 2012 წლის ნოემბერში ექსპორტი დაახლოებით 194 მილიონ დოლარს შეადგენდა რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 2,3%–ით ჩამორჩებოდა, ხოლო 2013 წლის ნოემბერში ექსპორტმა 311 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიური გაანგარიშებით 61%–იან ზრდას ნიშნავს –ეს რეკორდია! აი აქ უკვე ლარის კურსის ვარდნის თემაც შემოდის განსახილველად. ერთი შეხედვით ექსპორტის ზრდა ლარის კურსის გამყარებაზე დადებითად უნდა ზემოქმედებდეს! ეს ასეც არის! (აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლარის დაცემა ექსპორტს აძლევს სტიმულს და იმპორტზე უყოფითად მოქმედებს). ბოლო კვარტლის განმავლობაში მართალია, ვაკვირდებით ექსპორტის განუხრელ ზრდას მაგრამ, ექსპორტის ზრდასთან ერთად იზრდება იმპორტიც. რატომ? იმიტომ , რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბოლოს ერთობრივმა მოთხოვნამ, და მოხმარებამ მკვეთრი ზრდა დაიწყო. იმპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც გაიზარდა და ფულად გამოხატულებაში ისტორიულ მაქსიმუმუმს მიაღწია. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი დეფლაციური ფონის მოსახსნელად და ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად კომერციულ ბანკებს ლარს შემცირებული საპროცენტო განაკვეთით აწვდიდა, ამ ფონზე ლარის კურსის ვარდნა სავსებით ლოგიკურია. ისმის კითხვა, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ხელისუფლებისაგან ლარის კურსის თვითდინებაზე მიშვების პოლიტიკა? იქამდე, სანამ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს 6%–ს არ მიუახლოვდება. სხვაგვარად ნებისმიერი ჩარევა ეკონომიკისათვის კონტრპროდუქტიული იქნება. ეკონომიკას უნდა დავაცადოთ, დაგვანახოს, სინამდვილეში რა ღირს ლარი! ლარი ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდა პოლიტიკური კონიუქტურის ტყვეობიდან. თუ ექსპორტმა იმპორტთან შედარებით დაწინაურებული ზრდის ტემპი შეინარჩუნა და უფრო გააუმჯობესა, ვითარება თავისთავად დარეგულირდება ხელისუფლების ჩარევის გარეშეც. ისე, კი სიტუაციას სწორედ ასეთი პირი უჩანს, ლარის კურსი ალბათ არ გაიზრდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ვარდნა უკვე აღარ მოხდება. დაველოდოთ, დეკემბრის და იანვრის საგარეო ვაჭრობის შედეგებს და რათქმაუნდა თანაინვესტირების ფონდის ამუშავებას, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის შეუცვლელი კატალიზატორის ფუნქციას შეასრულებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ექსპორტის ზრდასთან ერთად ლარის გამოჯანმრთელების უებარი წამალია,” – განმარტავს მიხეილ დუნდუა.
აკაკი ცომაია ლარის კურსის ვარდნას უკავშირებს უცხოური ინვესტიციების კლებას საქართველოში, გამყარება კი მოხდება მაშინ თუკი უცხოური ინვესტიციები გაიზრდება, ანუ იმ მოცულობაზე ავა რა მოცულობაც იყო 2011 წლის მდგომარეობით, მომავალში ლარის კურსი დევალვირებას აღარ განიცდის, ერთ ნიშნულზე გაჩერდება ანუ ძალიან აღარ გაუფასურდება. ექსპერტის აზრით, იმისთვის, რომ ლარის კურსი თავის ნიშნულს დაუბრუნდეს საჭიროა სახელმწიფომ გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, სახელმწიფოს ეროვნული ბანკის სახით გარკვეული სავალუტო რეზერვების ხარჯზე შეუძლია მონეტარული პოლიტიკა გაატაროს დღესვე და ამით გაამყაროს კურსი, დაიყვანოს მის ბუნებრივ ნიშნულამდე, მაგრამ ეს ხელოვნური გამყარება არ არის რეკომენდირებული ეკონომიკისათვის. „ერთი სიტყვით უნდა გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო, უფრო მეტი ინვესტცია უნდა ჩაიდოს, უცხოური ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, დოლარის მიწოდება გაიზარდოს, აქედან გამომდინარე კაპიტალის გადინება შემცირდება და ეს გაამყარებს ლარის კურს. მაგრამ ზოგადად ლარის კურსის მერყეობაში საგანგაშო არაფერია, ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა იმპორტიორებზე და იმათზე ვისაც დოლარში აქვს სესხი აღებული,“ – აღნიშნავს ექსპერტი.
სანდრო თვალჭრელიძე: „საქმე გვაქვს არა ლარის გაუფასურებასთან, არამედ კურსის შეცვლასთან, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხისტი მოთხოვნებით, ლარის კურსი დღესდღეობით მერყეობს, თუმცა ახლო მომავალში 1,7 ნიშნულამდე დავა“, – აცხადებს ექსპერტი. მისივე განცხადებით ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს ქონდათ შესაძლებლობა ლარის მყარი მაჩვენებელი დაეფიქსირებინათ, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ინფლაცია მოითხოვა.
ზურაბ გვასალია წლის ბოლოსათვის ლარის კურსის ვარდნას, მომხმარებელთა გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს, მისი თქმით მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე მოხდა კურსის დავარდნა და ეს საგანგაშო პროცესი არ არის, რადგან ამას არ გამოუწვევია პროდუქტებზე ფასის ზრდა. გვასალია ვერ აკეთებს პროგნოზს თუ როდისთვის შეიძლება მოხდეს ლარის კურსის გამყარება რადგანაც, მისი განცხადებით, კურსის ვარდნა ბუნებრივი პროცესებით არის გამოწვეული და არა ხელოვნულად, ამიტომაც კურსის გამყარებას ყოველდღე შეიძლება ველოდეთ. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით ეროვნული ბანკი არის ფასების სტაბილურობის გარანტი, როგორც კი ფასების სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი კურსის დასარეგულირებლად, ამჯერად კი ეროვნული ბანკი არ თვლის საჭიროდ ამ პროცესებში საკუთარი თანხები დახარჯოს.
ემზარ ჯგერენაია ლარის კურსის ვარდნას უკავშირებს ქვეყანაში დიდი ოდენობით ლარის გამოშვებასა და დაგროვებას, ექსპერტი ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებს თუ როდის შეიძლება გამყარდეს ლარის კურსი, მისი განცხადებით ეს მოხდება გაზაფხულზე, როცა დოლარზე მოთხოვნა შედარებით შემცირდება. „სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ლარის მიმოქცევა, ეროვნული ბანკის ხელშია ლარის კურსის დარეგულირება,“ – განმარტავს ჯგერენაია.
გულნაზ ერქომაიშვილის მოსაზრებით სახელმწიფომ ხელოვნურად გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა. ბიუჯეტში არის დიდი გარღვევა, თანხების მობილიზება შემცირებულია და ამ პროცესს უკავსირდება კურსის დაცემა. ერქომაიშვილის აზრით შესაძლებელია გაზაფხულზე მოხდეს კურსის შედარებითი გამყარება, მისივე განცხადებით ლარის კურსის დარეგულირება პირდაპირ დამოკიდებულია ეროვნულ ბანკზე და სახელმწიფოზე.
16.01.14
ნინა პირტახია