1374394932_davit_darchiashvili_5დოკუმენტის გასაიდუმლოება პატარკაციშვილის ოჯახის სურვილით იყო განპირობებული, – ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა გააკეთა.

“პატარკაციშვილების ოჯახის დავასთან დაკავშირებული დოკუმენტის გასაიდუმლოება სახელმწიფოს მხრიდან ისეთივე მითი და ბლეფია, როგორი გასაიდუმლოებულიც ვითომ იყო ის, რომ კეზერაშვილს თავდებად ვუდგებოდით. აი ასეთი დოკუმენტები, თავისი გონებრივი გამჭრიახობის დიაპაზონიდან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებულ კომპრომატად მიაჩნიათ. იგივე არის პატარკაციშვილის ოჯახთან დაკავშირებით. დიახ, ის დაობდა საერთაშორისო არბიტრაჟში ქონების საკითხებზე სახელმწიფოსთან. ოჯახის სურვილით იყო ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული ყოფილიყო და ეს დოკუმენტი გვეუბნება, რომ მას ჰქონდა დავა. სახელმწიფომ მას შესთავაზა მორიგება იმის გამო, რომ სახელმწიფო საერთაშორისო დონეზე ფინანსურად არ ყოფილიყო რისკის ქვეშ და ოჯახი დათანხმდა მიეღო გარკვეული, ასე ვთქვათ ქონებრივი ობიექტები პირად საკუთრებაში და გარკვეული ვალების ჩამოწერა მოხდა. აქ არ იყო ლაპარაკი კონკრეტულად “იმედზე” მაინცდამაინც. იყო ლაპარაკი ზოგადად სახელმწიფოსა და ოჯახს შორის დავაზე. სახელმწიფომ ამ ოჯახს გარკვეული პირობები დაუკმაყოფილა და ოჯახმა შეწყვიტა დავა. სად არის აქ რაიმე განსაკუთრებული, რომელიც სხვა ქვეყანაში არ მომხდარა, ან სად არის აქ ზეწოლა, ზეწოლის მაგალითები”, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

“ნაციონალების” ერთ-ერთი ლიდერი პრემიერ-მინისტრის გუშინ გამართულ ბრიფინგსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებისგან ისმის ბრალდებები და ამით ხდება მცდელობა, რომ რიტორიკის მიღმა მიმალოს ის ძალიან სავალალო ეკონომიკური რეალობა, რომელიც შექმნილია.

“ამის ნათელი ნიმუში იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც გამახსენა ჩემს სიყმაწვილეში პოპულარული სიმღერა, რომელიც როკ-ენ-როლის მოტივებზე იმღერება, “სწავლობს გიგლა ტიტინა, მზემ შემოუჭყიტინა, გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა”. როგორც ჩანს, მასწავლებელი, რომელიც სამოქალაქო სექტორში იმყოფება, ძალიან არასწორ გაკვეთილებს ეუბნება და მოსწავლეც იმეორებს”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ამასთან, ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტს გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა და მემორანდუმის ინგლისური ვერსია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

17.01.14

 

Please follow and like us: