1355923639_america-georgia2აშშ-ი საქართველოს 2014 წელს დახმარების სახით 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2014 წლის 15 იანვარს ხმათა უმრავლესობით (359 ხმა 67 ხმის წინააღმდეგ) 2014 ფისკალური წლისთვის ასიგნებების გაერთიანებული აქტი მიიღო, რომლითაც გათვალისწინებულია ფინანსური სახსრების გამოყოფა “აღმოსავლეთ პარტნიორიობის” პროგრამაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად. დოკუმენტს მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმაც (72 ხმა 26 ხმის წინააღმეგ). ამასთან, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები წარიმართება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით) და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასახმარებლად აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამასთან, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ მოხსენების მომზადებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ევროკავშირთან ამ ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას ემსახურება. 2014 წლის ასიგნებების გაერთიანებული აქტი (კანონპროექტის #7170 თავი) აშშ-ის სამთავრობო პროგრამების განხორციელებისთვის 1,012 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს. კანონპროექტი 1 582 გვერდს მოიცავს და 12 კანონპროექტს აერთიანებს. 18.01.14

Please follow and like us: