unnamedსაქართველოში ოფიციალური ვიზიტით კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფება. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობებისა და  წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტების მრჩეველთა ჯგუფები დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღეს.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სენატის მიერ შემუშავებელი რეზოლუცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.

შეხვედრები საქართველოს მიერ დემოკრატიის კუთხით მიღწეულ პროგრესზე საუბრით  დაიწყო. რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი დღევანდელი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

მხარეები საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსაც შეეხნენ. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინისტრმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსთვის 2014 წლის ნატოს სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ISAF-ის ოპერაციას, 2014 წელს ნატოს „მხარდამჭერ მისიაში“ ჩართვასა და  2015 წელს ნატო-ს რეაგირების ძალებში მონაწილეობას.

წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ირაკლი ალასანიას თქმით, აგვისტოში მას ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის მხარესთან გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებულ მიმართულებებში მიღწეულ პროგრესზე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება.

„დღევანდელი შეხვედრები კონგრესის წარმომადგენლებთან არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ, რომ ეს საჯარო მოხელეები გადაწყვეტილებებს ამზადებენ კონგრესში. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების თითქმის მთელ სპექტრზე. განსაკუთრებით, თავდაცვითი შეიარაღების და საშუალებების გაზრდაზე, ამერიკის შეერთებული შტატების როლზე, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, ჰყავდეს არმია, რომელსაც ექნება შემაკავებლის ფუნქცია. ასევე, ვილაპარაკეთ ჩვენს ნატოში გაწევრიანებაზე, წლევანდელი წლის ნატოს სამიტზე, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება უპირობო მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს სამომავლო გაწევრიანების და იმ ინსტრუმენტების მიღების, რომელიც საქართველოს დაეხმარება სრულფასოვან ინტეგრაციაში.“

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფი ეროვნულ სასწავლო ცენტრს „კრწანისს“ ესტუმრნენ და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.

20.01.14

 

Please follow and like us: