კიევში შეტაკებები განახლდა. სამსაათიანი პაუზის შემდეგ, დემონსტრანტებს სპეცდანიშნულების რაზმი ისევ გაუსწორდა. გრუშევსკის ქუჩაზე აქტივისტების წინააღმდეგ ამჯერად გაზი გაუშვეს და გამოიყენეს ტრავმატული იარაღი.
სროლისა და აფეთქებების ხმა არ წყდება. გრუშევსკის ქუჩაზე, რადასთან ერთ მხარეს პოლიციის კორდონია, შუაში ბარიკადები, მეორე მხარეს კი ათასობით დემონსტრანტი.
სპეცრაზმი ხალხს ხელკეტებს, რეზინის ტყვიებს და სპეციალურ ყუმბარებს ესვრის, აქციის მონაწილეები კი მოლოტოვის კოქტეილებს აფეთქებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქტივისტები უკვე დგანან ოდესაში, ლვოვსა და როვნოში, სადაც პარალიზებულია ქუჩები, რათა ჯარმა ვერ შეძლოს გადაადგილება კიევის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქისკენ მაინც გადაისროლეს ქვეყნის სპეცდანიშნულების დანაყოფები.
ვრცელდება ახალი მონაცემები დაშავებულების შესახებაც. ოფიციალური ცნობით, დაპირისპირების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. წინასწარი პატიმრობის იზოლატორში არიან გადაყვანილები დემონსტრანტები. დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან. სამართალდამცველები კიევის ცენტრში შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
კიევში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. დასავლეთი უკრაინის ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს. მორიგი განცხადება გააკეთა ქეთრინ ეშტონმა. ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის წინ მან აღნიშნა, რომ თვალს ადევნებს კიევში მიმდინარე მოვლენებს.
„ვხედავ, რომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებას აპირებს. იმედი მაქვს, მისი ეს ნაბიჯი პოზიტიურ წინსვლას გამოიწვევს“, – განაცხადა ქეთრინ ეშტონმა.
ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებს ოფიციალური ვაშინგტონი. თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს. „ვითარება, რომელიც კიევში შეიქმნა, უკრაინის ხელისუფლების მიერ ხალხის მოთხოვნების არაღიარების შედეგია. ვთხოვთ უკრაინის ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები უკრაინაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონი, რომელსაც ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა, გამოიყვანოს სპეცრაზმი კიევის ცენტრიდან და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს დამატებით ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს, განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ“, – აცხადებს თეთრი სახლი.
რეპრესიებზე საუბრობს კარლ ბილდტიც. „მივესალმები განცხადებას, პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიჭრება, თუკი ქვეყანაში რეპრესიები არ განხორციელდება. ძალადობა და რეპრესიები ახლა უკრაინაზე დამანგრევლად იმოქმედებს. შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი კი გაერთიანება და დემოკრატიული ნაბიჯებია“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
20.01.14