კიევში მომხდარი შეტაკებების დროს დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “უნიანი” წერს, ჟურნალისტებმა დაზიანებები რეზინის ტყვიებისგან მიიღეს, რომლებსაც მილიცია მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდა.
როგორც დაშავებული ჟურნალისტები აცხადებენ, “ბერკუტი” რამდენიმე მათგანს მიზანმიმართულად ესროდა რეზინის ტყვიებს.
კიევში, გრუშევკის ქუჩაზე, შეტაკებები აქტივისტებსა და მილიციას შორის თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ათასამდე აქტივისტი სამართალდამცავებს ქვებს, ფოიერვერკებს და ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას ესროდა. ნაწილი კი “ბერკუტს” ხელჯოხებით უსწორდებოდა. თავის მხრივ მილიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ტრავმატული იარაღი, ცრემლსადენი გაზი და ხმაურიანი, მანათობელი ყუმბარები. დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კიევში დაპირისპირება 19 იანვარს განახლდა. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.
21.01.14