900513617petriashvilikadetebtan4ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ მარტინ გლვაჩსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ფრანტიშეკ შებეის შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის ვადის გადმოწევასთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

თავის მხრივ, სლოვაკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს და დაადასტურეს სლოვაკეთის ხელისუფლების მზაობა ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყნის წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში.

სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველო-სლოვაკეთს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ხაზი გაესვა რეფორმების განხორციელების კუთხით სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრი ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა სლოვაკეთის ატლანტიკურ კომისიაში. შეხვედრას სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, საგარეო-პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

„ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ყველა ძირითადი გზავნილი, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, საქართველო აუცილებლად მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ადეკვატურად იქნება ასახული ის პროგრესი, რომელსაც განიცდის საქართველო დემოკრატიზაციის გზაზე“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.

21.01.14

Please follow and like us: