4969usufashvili dav_slსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება და ოპოზიცია უარესის თავიდან აცილებას შეძლებენ.

როგორც დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კიევში მოვლენების მშვიდობიანი გავითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ მთელი რგიონისთვის.

“ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში სამწუხაროდ ვითარება გამწვავდა, არის მსხვერპლი და ქუჩებში დაძაბულობა იზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო შეშფოთებას იწვევს. ჩვენ, პარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა არაერთხელ მკაფიოდ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. კიდევ ერთხელ ვისურვებ და გამოვთქვამ რწმენას, რომ პოლიტიკოსები, ქვეყნის ლიდერები, ხელისუფლება და ოპოზიცია უარესის თავიდან აცილებას შეძლებენ”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები განახლდა. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია საპროტესტო აქციის ორი მონაწილე.

22.01.14

Please follow and like us: