როგორია ბოლო წლებში განათლების დონე და რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში – სწავლების დონე, გვყვავს თუ არა პროფესიონალი კარდები, ლექტორები რომელთა პასუხისმგებლობა სტუდენტის, როგორც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში უზადოდ დიდია, ამ საკითხებზე ,,თბილისი თაიმსი’’ ესაუბრა პროფესორ აკაკი ცომაიას.
ბატონო აკაკი, როგორ შეაფასებდით სწავლის ხარისხს საქართველოში, უშუალოდ კი ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტზე მიმდინარე სწავლებას? რამდენად კვალიფიციური კადრები გვყავს?
ცოტა რთულია შევაფასო პედაგოგების, ჩემი კოლეგების კვალიფიკაცია. თუ ვიტყვით რომ საქართველოში სწავლის ხარისხი არის მაღალი, ალბათ ვერ ვიქნებით მართლები. მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად კვალიფიკაციის დონე დამაკმაყოფილებელია. პირადი დაკვირვებით ბევრად უკეთესი სწავლებაა ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში, სადაც ბიზნესი და მენეჯმენტი მეტად დახვეწილია.
მეორე საკითხია, რამდენად მომზადებულები არიან სტუდენტები ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ. ეს გარემოება თვითონ სტუდენტზეა დამოკიდებული. არსებობს რამდენიმე ფაქტორი: უმაღლეს სასწავლებელში ბევრი ისეთი სტუდენტი მოდის, რომელსაც დაბალი განათლების დონე აქვს და არ შეესაბამება უმაღლესი სასწავლების სტანდარტებს, თუმცა ისეთ სტუდენტებსაც შევხვდედრივარ, რომელთა მომზადების დონე საკმაოდ მაღალია. სტუდენტების ასეთი კატეგორიების აუდიტორიაში ერთად ყოფნა, ბუნებრივია გამოიწვევს იმას, რომ ზოგი არ სწავლობს, ხოლო ზოგს უფრო მეტი ცოდნის მიღება სურს. აქედან გამომდინარე პროფესორები ორიენტირებულები არიან შესთავაზონ ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება, თუნდაც ბევრი სტუდენტი მოწადინებული იყოს მიიღოს მეტი ინფორმაცია.
პრობლემა იკვეთება იმასთან დაკავშირებითაც თუ რას ვასწავლით: ქართულ ენაზე მწირი მასალა გამოიცემა, ხოლო უცხოურიდან ბევრი არ არის ნათარგმნი ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით. ბევრი პროფესორ-მასწავლებელი ობიექტური მიზეზების გამო ინგლისურ ენას არ ფლობს და მათ უჭირთ თარგმნა, ასეთივე პრობლემა სტუდენტებსაც აქვთ. რასაკვირველია, ენობრივი ბარიერის არსებობა სწავლის ხარისხზე ახდენს გავლენას.
საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ზოგ სპეციალობებზე, მათ შორის ბიზნესზე, მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე შემდგომში დასაქმების პერსპექტივა, რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
საქართველოში არის დიპლომანიის პრობლემა. ადამიანი ვერ აცნობიერებს, ის იხდის ფულს მეტწილად არა განათლებაში, არამედ დიპლომში. სრუდენტი მიიჩნევს, რომ თუ დიპლომი ექნება – შეძლებს დასაქმებას. იმისათვის, რომ მართლაც წარმატებულები იყვნენ სტუდენტები, უნივერსიტეტები უნდა ეკითხებოდნენ დამსაქმებლებს რა უნარების, კომპეტენციის კადრები სჭირდებათ. აღნიშნულით უმაღლესი დაწესებულებები არ არიან დაინტერესებულნი, რადგან ისინი სტუდენტების ნაკლებობას არ განიცდიან.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტებზე ბოლო 3 წლის განმავლობაში? რით არის ეს განპირობებული?
მოთხოვნა რასაკვირველია უფრო იზრდება. უმეტესობა ფიქრობს, რომ თუ დაამთავრებენ ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტს, ისინი ბიზნესმენები გამოვლენ ან ბანკებში ადგილები ექნებათ გარანტირებული. სტატისტიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ბანკებში იმ სტუდენტებს ასაქმებენ, ვინც კარგად იცის მათემათიკა, ფიზიკა და გააჩნიათ ტექმიკური უნარები და არა იმათ, ვისაც მარტო ბიზნესის ადმინისტრირება ეხერხება.
წინა მთავრობამ გამოაცხადა პროგრამა, რომლის მიხედვითაც უფრო მეტად დაფინანსდებოდა საბუნებისმეტყველო მიმართულებები და აღნიშნულით სტუდენტები უფრო მეტად დაინტერესდებოდნენ. მაშინდელი მთავრობის მხრიდან ეს არ იყო ცუდი გადაწყვეტილება, მაგრამ ხელისუფლემაბ სცადა პროგრესის დაჩქარება. მიმაჩნია, რომ ადამიანებმა თვითონ უნდა გააცნობიერონ, რა უფრო გამოადგებათ მომავალში და პროგრესის დაჩქარება შეუძლებელია.
მნიშვნელოვანია ასევე ტრენინგების თემა, ვინაიდან ხშირად ცხადდება უფასო ტრენინგები. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ცალსახაა. როდესაც ადამიანს ეძლება საშუალება უფასოდ გაიაროს ტრენინგი, ეს მისთვის საზიანოა და სახელმწიფოს მხრიდან რესურსები დახარჯვა ხდება. სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანი მზად იყოს გადაიხადოს გარკვეული თანხა და მან მოითხოვს კვალიფიციურ ტრენინგი, პროგრამა. იგივე ვითარებაა სტუდენტებთანაც. როდესაც სტუდენტი უფასო განათლებას იღებს, ის ნაკლებად მომთხოვნია, არ ინტერესდება რა მომსახურებას ღებულობს სანაცვლოდ და ამის შედეგად კვალიფიციური კადრების პრობლემა ჩნდება.
როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესის ფაკულტეტზე და სწავლების ხარისხზე, არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ამბავი, როცა ლექტორებმა პროტესტის ნიშნით დატოვეს თანამდებობა. თქვენი შეფასება როგორია ამ საკითხზე?
ყველგან არის როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური კადრები. პროცენტულ განაწილებას და ასეთი ადამიანების სახელს და გვარს ვერ გეტყვით. რაც მოხდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმის ერთ-ერთი მიზეზი მეც ვიყავი. რატომ გაგვათავისუფლეს მე და მაია გონაშვილი გაუგებარი იყო, რასაც მოჰყვა ლექტორების მხრიდან პროტესტი და მათ უნივერსიტეტთან თანამშრომელება შეწყვიტეს. ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მე და მაია გონაშვილმა ,,ვაგროვეთ’’, ვისაც მართლა შეეძლო სიახლეების დანერგვა, სწავლის ხარისხის დონის ამაღლება.
მე დაინტერესებული პირი ვარ და შეიძლება სუბიექტურ აზრად ჩამეთვალოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ამბის შემდეგ სწავლის დონემ საკმაოდ დაიწია: მათ გაუჭირდათ შესაბამის კურსებზე ადამიანების მოძება, რის შედეგადაც შეამცირეს საგნების რაოდენობა ბიზნესის და ეკონომიის მიმართულებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი ლექცია საერთოდ არ იკითხება.
იმის გამო, რომ მე და გონაშვილი ბევრი ,,სისულელის’’ დანერგვაში ვეწინააღმდეგებოდით, დეკანმა ჩვენი გათავისუფლება გადაწყვიტა. იმის გათვალისწინებით, რომ დეკანი რექტორის და ადმინისტრაციის უფროსის დაახლოებული პირი იყო, მისი პოზიცია დაიკავეს. მოგეხსენებათ, გონაშვილმა სასამართლოს მეშვეობით დაიცვა უფლებები და სავარაუდოდ მისი თანამდებობაზე აღდგენა და კომპენსაციის მიცემა მოუწევთ. რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას, განცხადებაში ნათლად ჩამოვაყალიბე ტექსტი, რომ არ ვითანამშრომლებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. მართალია, ადმინისტრაციის უფროსი შეიცვალა, მაგრამ ფაკულტეტის დეკანი არ შეცვლილა. დეკანთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ ამ ადამიანს სამეცნიერო ხარისხი და პროფესიული კვალიფიკაცია არ გააჩნია და რამდენადაც მე ვიცი, კანონის თანახმად დეკანს მოეთხოვება ეს კრიტერიუმები.
საინტერესოა როგორია ასევე სხვა უნივერსიტეტებში (თსუ, თავისუფალი ინსტიტუტი და სხვა) ამ მხრივ მდგომარეოა – აღნიშნულ ფაკულტეტებზე როგორია – სწავლის დონე, ხარისხი და კვალიფიციური სპეციალისტები…
რომ დავუბრუნდეთ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დონეს, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ აქცენტს გავაკეთებდი ისეთ კერძო უნივერსიტეტებზე, რომლებიც დიდი ხნის წინ გაიხსნა და მაღალი დონის განათლებას სთავაზობენ.
თქვენი შეფასებით, სწავლის ხარისხთან დაკავშირებით რა პრობლემები არსებობს და რას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ საქართელოში სწავლის დონემ ევროპის ქვეყნებში არსებულს მიაღწიოს?
საქართველოში 90 წლებიდან იწყება ამ მიმართულებით სწავლების განვითარება, გარდა ამისა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით დაფინანსების დონე დაბალია. კვალიფიკაციის დონე იზრდება კონკურენციასთან ერთად, რაც ჩვენთან მთლად ჩამოყალიბებეული არ არის. ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები შესაძლოა უფრო პრივილიგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე კერძო. ჩემის აზრით ეს დაუშვებელია. უნდა არსებობდეს კონკურენცია და ამან უნდა განსაზღვროს სწავლის დონე.
მიმაჩნია რომ, სწავლის დონის განმსაზღვრელი ფაქტორი არის ფასი. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ კონკურენტული გარემო არ არის თანაბარი, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფასი უფრო დაბალია და შესაბამისად სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მეტი აქვს. ფასი, რომ იყოს რეალურად საბაზრო, სტუდენტების რაოდენობა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვანაირად გადანაწილდება. ბევრს მიაჩნია, რომ სახელმწიფო რაც მეტ ფულს დახარჯავს განათლებაში, მით უფრო ამაღლდება სწავლის დონე, პირიქით, სახელმწიფო რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა განათლების სისტემაში, მით უფრო მეტი შანსია სწავლის ხარისხი გაიზარდოს.
23.01.14
მარინა ფიდუაშვილი