1352873256_ilia_ii_1

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკს შეხვდა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთული სიტუაციაა მსოფლიოში. მე მგონია, თქვენი ჩამობრძანება ძალიან საჭიროა ჩვენთვის, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი. საქართველო, უძველესი კულტურის ქვეყანაა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობაზე, ჩვენს კავშირებზე, უნდა იყოს გათვალისწინებული ის მრავალსაუკუნოვანი უძველესი კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია. კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე.

ნილს მუჟნიეკსმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ უწმინდესი მის წინამორბედს, თომას ჰამარბერგს არაერთხელ შეხვედრია, ეს შეხვედრები ემთხვეოდა რუსეთის ომს და შემდგომ პერიოდს. მუჟნიეკსი ასევე დაინტერესდა პატრიარქის შეხედულებებით საქართველოში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფებთან დაკავშირებით და ამ ჯგუფების ურთიერთობაზე ერთმანეთში.

„თქვენ ბრძანეთ, რომ რთულ დროში ცხოვრობთ, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რამენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვას, არ დავუშვათ ძალადობა, ძალმომრეობა და ტკივილი. ჩემს მთავარ ამოცანას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო საქართველოს და ევროპის საბჭოს წევრ სხვა სახელმწიფოებს, ნამდვილად ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კულტურა ჩამოაყალიბონ. ევროპა პატივს სცემს ყველა ერის, ყველა ხალხის ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას”, – აღნიშნა შეხვედრაზე ნილს მუჯნიეკსმა.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის დროს შეხვდა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე პირებს. მან კათოლიკოს-პატრიარქს ამ თვალსაზრისით შეხედულებებისა და მოსაზრებების გაზიარება სთხოვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები საქართველოში უძველესი დროიდან იყვნენ, კერძოდ, 26 საუკუნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ ებრაელები, ასევე მუსლიმები, ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არასდროს არ ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ის საკითხები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ წამოიშვა, ჩვენი ძმური სიყვარულით ვწყვეტთ. მე თავად აღზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, რომლის მეგობრები ისლამის წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. მე ვხედავ, რომ საქართველო არის ნამდვილი მაგალითი სხვა ქვეყნებისათვის ამ ურთიერთობებში”, – დასძინა შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

წყარო: news.ge
სტილი დაცულია

Please follow and like us: