ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას 81 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საიუბილეო საღამო გაიმართება. შედგება რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ბიოგრაფიულ-მემუარული წიგნის, – “მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა“ პრეზენტაცია.
წიგნი ნინო ნატროშვილის ავტორობით და ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გამოიცა; მასში შესულია როგორც თავად ელდარ შენგელაიას, ასევე გია ყანჩელის, გია დანელიას, ლომერ ახვლედიანის, რეზო ჭეიშვილის, იმედა კახიანის მოგონებები. შესავალი მერაბ კოკოჩაშვილს ეკუთვნის. წიგნი გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს ქართული კინოს ისტორიის შესახებ. მასში მოთხრობილია არა ერთი საინტერესო ისტორია შენგელაიების, ასევე ნატა ვაჩნაძის ოჯახის შესახებ.
საიუბილეო საღამოს დაასრულებს ფილმის ჩვენება, სადაც 2013 წელს, მოსკოვში გამართული ელდარ შენგელაიას შემოქმედებითი საღამოა აღბეჭდილი.
ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე, ელდარ შენგელაია, რეჟისორის მეგობრები, კოლეგები, კინოსა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
27.01.2014