2013 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით წინასწარი შეფასებით – 8,4 პროცენტი, ხოლო 2013 წლის IV კვარტალში – 6,9 პროცენტი შეადგინა.
“საქსტატის” მონაცემებით, 2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 3,1 პროცენტი შეადგინა.
2012 წლის იანვრიდან “საქსტატი” ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის საფუძველზე.
“აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან”, – განმარტავენ “საქსტატში”.
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.
30.01.14