გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი, აგრეთვე, მუხროვანის ამბოხების ბრალდებით გასამართლებული კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დღეს, პროკურატურაში დაზარალებულების სტატუსით დაიკითხებიან.
მთავარ პროკურატურის ინფორმაციით, მათი დაკითხვა 13:00, 15:00, 17:00 საათზე დაიწყება.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, დაზარალებულების დაკითხვა იმ ვიდეომასალაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა და მასში ვანო მერაბიშვილი მთავრობის სხვა ყოფილ წევრებთან ერთად ფიგურირებს.
ამასთან, მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება.
მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მიმართავს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.
შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა.
Youtube-ზე ვიდეო გუშინ Appolon Osman-ის სახელით აიტვირთა.
30.01.14