საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში განვითარებულ გუშინდელ მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თბილისის თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:
“სასტიკად ვგმობთ ძალის გამოყენების ფაქტს და უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა. ის პროცესები, რომლებსაც ამჟამად შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან.
ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს უკრაინის ხელისუფლებისადმი, რათა გადადგმულ იქნას ქმედითი ნაბიჯები, რომ მხარეები დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს და ვითარება არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ყველა ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატივი სცეს საკუთარი ხალხის არჩევანს და უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათთვის ამ უკიდურესად მძიმე მომენტში და ვთვლით, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი ალტერნატივა არის მშვიდობიანი დიალოგი,” – ნათქვანია უწყების განცხადებაში.
19.02.14