საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. იმაზე თუ რა გეგმები აქვს და როგორ აფასებს ხელისუფლების საქმიანობას ,,თბილისი თაიმსი“ ცოტნე გამსახურდიას ესაუბრა.
ბატონო ცოტნე, რას საქმიანობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ?
ამჟამად ვმკურნალობ, კერძო ბიზნესით ვარ დაკავებული და ასევე არასამთავრობო სექტორში გარკვეული საქმიანობით, განსაკუთრებულს არაფერს, მაქვს ბევრი პრობლემა და ცოტა დრო.
როგორ შეაფასებდით სახელისუფლებო გუნდს?
საკმაოდ ჭრელი სახლისუფლებო გუნდი გვყავს, ვიღაც შეიძლება მოგწონდეს ვიღაც არა, ვიღაც მისაღებია, ვიღაც ნაკლებად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმაში დარწმუნებული ვარ, როგორც საქართვლოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომ დღეს უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე იყო პირველ ოქტომბრამდე. ვერ ვიტყვი, რომ ყველა სახელისუფლებო რგოლის მუშაობა მომწონს, მაგრამ უკეთესობა აშკარად იგრძნობა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ყველა ხელისუფლების საუკთესო წამალია კრიტიკა, ოღონდ ეს კრიტიკა უნდა იყოს არა ემოციებზე, არამედ დასაბუთებულ არგუმენტებზე დამყარებული.
ბატონ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული კითხვები, აპირებთ რაიმე ნაბიჯის, გამოძოიების ჩატარებას ამ მხრივ?
დიახ, ვაპირებ, ჩემთვის ზვიად გამსახურდია მოკლულია სახელმწიფოს სირცხვილია, რომ ეს საქმე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული. მე, რომ ახლა ავდგე და ვიღაცას დამსახურებულად დავუშვათ ცხვირი გავუტეხო ქუჩაში, ამ ვითომ ქვეყანაში უფლება ექნებათ სამართალდამცავებს, რომ მე დამაკავონ. ეს ქვეყანაში, სადაც პირველი პრეზიდენტის მკვლელობა გამოძიებული არ არის და სადაც უამრავ ადამიანს, ვინც წარსულ ხელისუფლბებთან იყო ასოცირებული შერჩა ყველაფერი, გარდა რამდენიმე ოდიოზური ფიგურისა, ასე, რომ აქ ეხლა სამართლიანობის აღდგენაზე და მითუმეტეს დამკვიდრებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
როგორ შეაფასებდით ციხის მოვლენებს? შეიცვალა ციხეებში რაიმე ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?
ვფიქრობ, რომ ციხეებში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, მე ვიტყოდი ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნების დამსახურება, რომ მან და მისმა ხელისუფლებამ უარი თქვა იმ დამოკიდებულებაზე ადამიანების მიმართ, რაც ქონდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არამხოლოდ პატიმრებს, არამედ საერთოდ მოქალაქეებს უყურებდა, როგორც ჭანჭიკებს და უგულებელყოფდნენ მათ უფლებებს, ეს იყო ტიპიური ავტორიტარიზმი, მე ვიტყოდი სულთანიზმი ამავე დროს. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვალა, ასევე დამოკიდებულება შეიცვალა ზოგადად მოქალაქის მიმართ. შეიცვალა არა მხოლოდ პატიმრების, არამედ მოქალაქის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ ციხეებში პრობლემები რჩება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ხელმძღვანელობა ამ პრობლემებს თავს ვერ ართმევს. ალაბათ ეს გარდამავალი პერიოდისთის დამახასიათებლი თავისებურებებია, რომ ახალ რელობაში არც ძველებმა იციან მუშაობა და არც ახლებმა იციან ზუსტად რას აკეთებენ.
20.02.14
ლანა წურწუმია