ბოლო წლებში საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა სინთეზური ნარკოტიკი, ე.წ ბიო, რომლის გამოწერა ინტერნეტის საშუალებით უპრობლემოდ ხდება. ბოლო პერიოდში კი ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ნარკოტიკის მოხმარება ფატალური შედეგებით სრულდება. ჩვენ დავინტერესდით თუ რას წარმოადგენს ე.წ ბიო ნარკოტიკი,რატომ გახშირდა ბოლო დროს მისი მოხმარება, რა შედეგებამდე მიყავს მას ადამიანი. ამ საკითზე ”თბილისი თაიმსს” ესაუბრა მედიცინის მეცნიერების დოქტორი, ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.
კაფე ”გალერეაში” ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ აქტუალური გახდა საზოგადოებაში ბიო ნარკოტიკის თემა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბებში ეს ნარკოტიკული საშუალება თავისუფლად იყიდებოდა, თქვენ რამდენად ხართ ინფორმირებული ამასან დაკავშირებით, რამდენად ხელმისაწვდომია ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს საშუალება?
ქართველ ახალგაზრდებს თავისუფლად შეუძლიათ ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა ინტერნეტის საშუალებითაც, ის ძალიან ხელმისაწვდომია. მე არ მაქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაა კლუბებში, იყიდება თუ არა იქ ნარკოტიკული საშუალებები თუმცა ფაქტია, რომ კლუბში მოიხმარენ მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც ამხელა მითქმა-მოთქმაა არ არის ე.წ ბიო, თუმცა რა არის ეს არავინ არ იცის, ბიო-მარიხუანა აბსოლიტურად სხვა რამეა, დღეს რასაც მოიხმარენ კლუბებში კი აბსოლიტურად სხვა, რადგანაც მარიხუანა სიკვდილიანობას არ იწვევს. რეალურად რა ტიპის ნარკოტიკია გავრცელებული არავინ არ იცის.
ფაქტია, რომ ბიო ნარკოტიკის გამოწერა თავისუფლადაა შესაძლებელი უცხოურ ონლაინ მაღაზიების საშუალებით, თქვენი აზრით როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითი?
სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე აბსოლიტურად თავისუფლად არის შესაძლებელი ამ ნარკოსაშუალების შეძენა, როგორ თავისუფლადაც ნებისმიერ ნივთს იძენს ადამიანი ამაზონზე ან სხვა საიტებზე, ასევე იძენს ამ ნარკოტიკსაც. ამის დარეგულირება კი უნდა მოხდეს კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ამზადებს კანონს, რომლის თახმადაც ეს ნარკოტიკი კრიმინალიზებული გახდება, რამდენად შეძლებს ეს ინსტანცია ამის გაკონტროლებას ეს სხვა საკითხია. კრიმინალიზაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგენა იმის, თუ რა ნივთიერებებს შეიცავს ეს ნარკოტიკი და რა საშუალებებია მიმოქცევაში შავ ბაზარზე.
რამდენ საათს გრძელდება მისი ზემოქმედება და რა სიმპტომები თუ ჩვევები აღენიშნებათ ამ დროს აღნიშნულ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებს?
ამ ნარკოტიკის მოქმედების ვადა ინდივიდუალურია, ზოგ შემთხვევაში ადამიანი მთელი დღის განმავლობაში იღებს მას და მისი ზემოქმედების ქვეშაა, ზოგ შემთხვევაში კი ერთხელ ხდება მოხმარება, ზემოქმედება კი მთელი თვე შეიძლება გაგრძელდეს. სიმპტომები კი შემდეგია: ჰალუცინაცია, ფსიქოზი, დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, ფიზიკური შეგრძნებების დაკარგვა, ქცევის პათოლოგია და ა.შ
საუბარი ამ ნარკოტიკულ საშუალებასის ირგვლივ ბოლო ხანებია გახშირდა, მაგრამ ბევრმა არც კი იცის თუ რა შემადგენლობას შეიცავს ის, რას წარმოადგენს ე.წ ბიო ნარკოტიკი და შეიცავს თუ არა ის მარიხუანას?
იმის გამო, რომ კრიმინალიზებული არ არის ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ჩვენ არ გვაქვს საშუალება დავადგინოთ თუ რა შემცველობისაა ის, ჩვენ ვერ ვადგენთ თუ რას მოიხმარენ ახალგაზრდები. როგორც ავღნიშნეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონზე და ამ ნარკოტიკის კრიმინალიზაციის შემდეგ დავადგენთ თუ რას წარმოადგენს აღნიშნული.
რა საფრთხეს შეიცავს ე.წ ბიო ნარკოტიკი,მის გვერდით მოვლენებზე რას გვეტყვით, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მან ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას? თუ ტოვებს რაიმე კვალს ადამიანის გონებაზე?
ყველაზე რთული და მთავარი საფრთხე არის ფსიქიკური აშლილობა, გონების აღრევა. ამ დროს ხდება ფსიქიკის დარღვევა, ქცევის მოშლა. ეს ნარკოტიკი, რა თქმა უნდა, გონებაზეც ტოვებს კვალს, აქვეითებს მეხსიერებასა და შეგრძნებეს, ემოციური სფეროს დეფიციტს ქმნის და ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება წარმოქმნას. შეიძლება წამოვიდეს ძალადობაც, კრიმინალიც, სექსუალური ცხოვრების არევა, ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის ყოლა, რაც ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს.
როგორც ვიცი პაციენტებს მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან უჭირთ, მკურნალობა დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება და შესაძლებელია თუ არა მისგან სრულად განკურნება?
ადამიანებს უჭირთ აღიარება იმისა, რომ ავად არიან. როდესაც ადამიანს საერთოდ არ აწუხებს საკუთარი მდგომარეობა შესაბამისად მას მკურნალობაც არ უნდა. როგორც წესი, მკურნალობა იწყება მაშინ, როდესაც ნარკომანის გარემოცვა ხვდება, რომ ეს ადამიანი არ არის რეალობასთან ახლოს, შესაბამისად ძალიან რთულია უმკურნალო პაციენტს, რომელსაც არც კი აწუხებს ეს ყველაფერი. მკურნალობა გრძელდება ძალიან დიდხანს, 6-7 თვე. სრულად განკურნება შესაძლებელია თუ ადამიანი არ მოიხმარს შემდგომში ამ ნარკოტიკს.
თქვენი აზრით, რატომ გახშირდა ბოლო დროს საქართველოში სინთეზური ნარკოტიკის გამოყენება?
გახშირდა იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს თბილისში ძალიან მოდური გახდა ნარკოტიკების მოხმარება. გაურკვეველი, ახალი სუბკულტურა შეიქმნა, რომელიც თვლის რომ სხვანაირად ვერ ერთობა და თავისუფლება მოაქვს მხოლოდ ნარკოტიკს. გონიათ, რომ ნარკოტიკის მოხმარებისას სრულიად სხვაგან არიან, სხვა ქვეყანაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც თბილისში არიან და უნდა შეესაბამებოდნენ იმ სიტუაციას სადაც არიან.
რა სტრატეგია გააჩნია ქვეყანას ამ ნარკოტიკულ საშუალებასთან საბრძოლველად?
არანაირი სტრატეგია მთავრობას არ გააჩნია გარდა იმ კანონისა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს ბიო-ნარკოტიკსა და სააფთიაქო ნარკოტიკზე. ჯანდაცვის კუთხით რაიმე პროგრამის შემოღება ამ კუთხით ჯერჯერობით არ იგეგმება.
28.02.14
ნინა პირტახია