“საქართველოს ბანკმა” “საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი” დააფუძნა. ახალი უნივერსიტეტის შესახებ, მის მომავალ გეგმებზე ,,თბილისი თაიმსს“ ,,საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ რექტორი აკაკი ხელაძე ესაუბრა.
რამ განაპირობა ,,საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ დაარსების გადაწყვეტილების მიღება, საიდან წამოვიდა ეს იდეა? რა უპირატესობები ექნებათ ,,საქართველოს ბანკის სტუდენტებს“ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შედარებით?
საქართველოს ბანკის მიერ, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ დაფუძნება, საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ფინანსური განათლების გავრცელებას და ხელმისაწვდომობას. სწორედ ამიტომ სასწავლო პროგრამების დიდი ნაწილი ბანკის მიერ სუბსიდირებულია. კონკრეტულად სამაგისტრო პროგრამაზე, ჩარიცხული პირველი 10 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს 100%-იან დაფინანსებას ბანკისგან, შემდეგ 20-ი სტუდნეტი კი 0%–იან 7–წლიან სესხს.
სწავლების რომელი საფეხურები გაქვთ, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.. რა ფაკულტეტები გაქვთ და რა ღირს ამ ფაკულტეტებზე სწავლა? რამდენი სტუდენტის მიღებას გეგმავთ წელს?
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლა შეთავაზებს სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ორწლიანი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა არაერთი უპირატესობით. მათ შორისაა: პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო შერწყმა; ფინანსური განათლება ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებისგან; „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში პრაქტიკის გავლისა და დასაქმების რეალური შესაძლებლობა; საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური პერსონალის ლექციები; სწავლების მოქნილი გრაფიკი, კომფორტული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 2014 წელს 50 სტუდენტს მიიღებს. სამაგისტრო პროგრამის საფასური შეადგენს 7,500 ლარს წელიწადში. განათლების ცენტრები ეტაპობრივად ამუშავდება წლის განმავლობაში და დეტალებს ასევე ეტაპობრივად მოგაწვდით.
უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს ხელს შეუწყობთ დასაქმებაში?
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში საფუძვლად უდევს რამდენიმე პრინციპი: პროფესიონალიზმი, შედეგზე ორიენტირება, სიღრმისეული მიდგომა და ლოიალობა საქმის მიმართ. ეს პროგრამა მათთვისაა, ვისაც სურს გახდეს სფეროს პროფესიონალი, აინტერესებს ფინანსები, სურს შეიქმნას კარიერა კორპორაციაში ან დაიწყოს საკუთარი ბიზნესი. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ საჭირო ცოდნასა და კომპეტენციასთან ერთად სტუდნეტები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარს, რაც დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევინებთ.
თუ იგეგმება სამომავლოდ ფილიალის გახსნა რეგიონებში?
ამ ეტაპზე, არა.
როდიდან იწყება მიღება სტუდენტების და რა კრიტერიუმებითი იქნებიან შერჩეულნი, ლექტორები?
სტუდენტების მიღება სამაგისტრო პროგრამაზე მოხდება 2014 წლის სექტემბრის ბოლოს. მანამდე, აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ეროვნული სამაგისტრო გამოცდა და ასევე უნივერსიტეტის შიდა ტესტი.
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შერჩეულია და შედგება წამყვანი ადგილობრივი პროფესორებისგან. ასევე იგეგმება უცხოელი ლექტორების მოწვევაც. სწავლების პროცესში აქტიურად ჩაებმებიან საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტის წევრები.
02.03.14
ლანა წურწუმია