სასტუმრო Holiday Inn-ში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ოფისის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში აგრო-დაზღვევის სისტემის განვითარების შესახებ სემინარი ჩატარდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს ეროვნული სადაზღვევო სისტემის შესაქმნელად დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
სემინარი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანმშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა რუდოლფ შოხმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილიმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გახსნეს.
,,ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა ვითარდება. სახელმწიფომ ამ მიმართულებით დიდი თანხები ჩადო. ფერმერებისთვის ეს არის სტიმული გრძელვადიანი საქმიანობის დაწყებისთვის. შესაბამისად, აგრო დაზღვევის სისტემის შექმნისა და განვითარების რეალური მოთხოვნა გაჩნდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან ერთად ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და იმედი გვაქვს, საკმაოდ კარგი პროექტის შემუშავება მოხდება”, – განაცხადა დავით ნატროშვილმა.
სემინარში სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის ოფისის, საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროების, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის, სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ასოციაციის და საერთაშორისო გადამზღვევი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სემინარს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (KFW, World Bank, EBRD, IFC), დონორი ორგანიზაციების, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები.
07.03.14