საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს შეხვედრები გაიმართა საქართველოში ჩამოსულ არარეზიდენტ ელჩებთან. მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანს და მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ირლანდიის, მალტის, სერბეთის, ავსტრალიის, ომანის სასულთნოს, თურქმენეთისა და ფილიპინების ელჩებმა.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩების მიერ მათი უფლებამოსილების ასლების გადაცემა, რომელიც არის ჩვეულებრივ დიპლომატიური პროცედურის ნაწილი. ეს ელჩები არიან როგორც ევროპიდან, ასევე ავსტრალიიდან, არაბული სამყაროდან, აზიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან. ამ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზარდი დაინტერესება ორმხრივი ურთიერთობების კუთხით. ამ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში“- განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
13.03.14