ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე, თანამედროვე კახის რაიონული ცენტრიდან ორი კილომეტრის მოშორებით, მდინარე ქურმუხის ხეობაში, ნუხისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს (დღევანდელი აზერბაიჯანი), კანგარაკის მთის კლდოვან წვერზე მდებარეობს ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით კი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში.
თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ქურმუხის ეკლესიის აშენების, აღმშენებლის და დათარიღების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მკლევართა აზრით და ძეგლების შედარებითი ანალიზის მიხედვით ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი შეიძლება XIII საუკუნის დასასრულით და XIV საუკუნის I ნახევრით დათარიღდეს. ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე.წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. აქ აღწერილია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ექვთიმეს, მის იურისდიქციაში მყოფ, სხვადასხვა ეპარქიაში მოგზაურობა, მათ შორის გიშ-ქურმუხის ეპარქიაშიც.
აღნიშნული მოგზაურობის დროს პატრიარქმა ექვთიმემ მოინახულა გიშ-ქურმუხის ეპარქიის ეკლესიები და ქურმუხის მთავარეპისკოპოსს კირილე დონაურს ყველა ეკლესიისთვის სახარების გადაწერა დაავალა. ასევე ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ ცნობა შემონახულია VIII საუკუნის ანონიმურ მატიანეში, რომელიც ჩართულია ჯუანშერის ქრონიკაში. ადგილობრვი მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველების გადმოცემით, ტაძარი წმ.გიორგის სახელობის ძველი საყდრის ადგილზეა აგებული და სახელიც აქედან აქვს შემორჩენილი. წმ.გიორგის ძველი საყდარი კი აგებული ყოფილა უზარმაზარ სიდიდის ერთ მთლიან ლოდზე. ქართულ მატიანეში საყდარი ცნობილია, როგორც მამათა მონასტერი.
ტაძარს სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი აშენებულია კარგად გამომწვარი წითელი აგურისაგან, კირის დუღაბზე. კედლებში გამოყენებულია აგრეთვე ქვებიც. აქ ძირითადი სამშენებლო ერთეული კვადრატის მოხაზულობის თხელი აგურია .ზუსტად ასეთი ფორმისა და ზომის აგურია გამოყენებული რამდენიმე საუკუნით დაშორებულ ძეგლებზე, როგორებიცაა ლექართი (VI-VII ს), ბახთალა (XVI ს), ჩინარლუ და სხვ.
ქურმუხის ტაძრის გეგმას ზუსტი პარალელები ეძებნება კახეთის ტერიტორიაზე. კერძოდ კახეთის ჩრდილო-დასვლეთ მხარეში მდებარე სოფელ ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესიში, რომელიც კახეთის მონუმენტური არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ფუძნარის ეკლესიის კომპოზიცია და შინაგანი სივრცე, მისი კონსტრუქციული სტრუქტურა ქურმუხის ტაძრის განმეორებაა. ძნელია იმის დადგენა, რომელია ამ ძეგლთაგან უფრო ძველი. აკადემიკოს გ.ჩუბინაშვილის აზრით, ფუძნარის მცირე გუმბათოვანი ტაძარი, გეგმის გადაწყვეტისა და შენობის მასების აგებულებათა მიხედვით XII ს-ის დამლევს და XIII ს-ის დამდეგს აგებულ ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება.
ამ ორი ძეგლის ერთმანეთთან შედარება კი გვიჩვენებს, რომ ქურმუხის წმ.გიორგის ტაძარი მშენებლობის ტექნიკით დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს ფუძნარის ტაძრისაგან. ეს ფაქტი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძეგლი ნამდვილად ქართულია.
დიდი ზეწოლისა და საფრთხის მიუხედავად ადგილობრივი ქართველები ფარულად ყოველთვის ქრისტიანები იყვნენ. 1860 წელს „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების“ წარმატებული მისიონერული მოღვაწეობით ზაქათალის ოლქში მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე კვლავ მოქცეულთა რიცხვმა 20 ათასს მიაღწია. ზაქათალის ოლქში აღნიშნულმა საზოგადოებამ, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მხარდაჭერით აღადგინა და ააშენა რამდენიმე ეკლესია, რომელთა შორის ერთ–ერთი ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იყო. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია ქურმუხის ეკლესიის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი.
ტაძრის აღდგენით სამუშაოებზე კონტროლი საზოგადოების ინსპექტორს მისიონერ ლეონიდ ოქროპირიძეს დაევალა. ეკლესიის მშენებლობა 1891 წელს დაიწყო და 1894 წელს დასრულდა. ქართული მხარის ინიციატივით, გასული საუკუნის 60–იან წლებში ტაძარი შეკეთდა და ახლაც რესტავრაციის პროცესშია. ტაძარს რესტავრაცია მხოლოდ გარედან უტარდება, შიგნიდან მისთვის ხელი არავის უხლია.
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, მას გარკვეულწილად სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან ეს იქაური ქართველობის სალოცავია.
წელიწადში ორჯერ, გიორგობას, ამ ტაძარში ინგილო ქართველები იკრიბებიან. საინტერესო ის არის, რომ ამ დღესასწაულზე ეკლესიაში ლეკები და აზერბაიჯანელი ხალხიც იყრის თავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გარკვეულწილად მათი სიმბოლოც არის. ის ფაქტი, რომ ქრისტიანულ ტაძარში, ინგილო ქართველების გარდა, გიორგობის დღესასწაულს სხვა ერის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, აზერბაიჯანული მხარის ზოგიერთმა მეცნიერმა გამოიყენა იმისთვის, რომ ეს ძეგლი ალბანური კულტურის მემკვიდრეობად გაესაღებინა. როგორც მათ ახსნეს, იქ მცხოვრები აზერბაიჯანელები ალბანელების მემკვიდრეები არიან და, აქედან გამომდინარე, მათ გენეტიკური მეხსიერების დონეზე აქვთ ის, რომ ეს მათი სალოცავია და ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში სწორედ ამიტომ ლოცულობენ. რათქმაუნდა ეს ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს და რაც მათავარია მათ არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ, რომ დაამტკიცონ თავიანთი მოსაზრება.
ერთადერთი რასაც ფაქტად იყენებენ არის ის, რომ მათ გენეტიკური მეხსიერებით ახსოვთ ეს ყველაფერი. რეალური ფაქტები კი რაც არსებობს მხოლოდ ადასტურებენ იმას, რომ ძეგლი არის ქართული. მისი ალბანურ ძეგლად ,,მონათვლა“ კი მტკნარი წყლის სიცრუეა.
2004–2005 წლებში აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ ქურმუხის ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. აღდგენილ იქნა ტაძრის დამახინჯებული გუმბათი, რესტავრაცია გაუკეთდა ფანჯრებს, კედლებს და კარებს. ამ დროს მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი: რესტავრაციის დაწყებამდე ტაძრის გუმბათიდან ჯვარი ჩამოიღეს, რომელიც აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კვლავ უნდა აღმართულიყო, მაგრამ რაიონის ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელობამ ჯვრის აღმართვაზე უარი თქვა. რამაც, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ მართლმადიდებელმა მოსახლეობამ ქურმუხის ტაძარზე საკუთარი ძალებით ჯვრის აღმართვა მოახერხეს.
2005 წლის ივლისში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და კულტურის მინისტრს ფოლად ბულბულოღლის ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ 1200 კაციანი ხელმოწერით მიმართვა გაუგზავნა. ისინი ქურმუხისა და ალავერდის ეკლესიებში წირვა–ლოცვის აღვლენის ნებართვას ითხოვდნენ, რაც მათი კონსტიტუციური უფლებაა. ეს მიმართვები განხილულ იქნა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილებაში. მათი პასუხი ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის შეურაცმყოფელი იყო.
ისინი ქურმუხის ტაძარს „ალბანურ ფირს“ უწოდებენ. იმავე დროს რაიონის გამგეობამ გაავრცელა ინფორმაცია ეკლესიის კონსერვაციისა და მუზეუმად გადაკეთების აუცილებლობის შესახებ.
2006 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. გათხრილ იქნა ტაძრის საძირკველი, დაახლოებით ერთ მეტრ სიღრმეზე და ხუთ მეტრ სიგრძეზე. აღნიშნული არქეოლოგიური გათხრების დეტალური ანგარიში არ არის გამოქვეყნებული. გათხრების შედეგად „ცნობილი“ გახდა, რომ ტაძარი VIII საუკუნემდე მოქმედი იყო. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით მტკიცდება, რომ აღნიშნული დასკვნა სინამდვილეს არ შეესაბამება.
დღემდე ქურმუხის ტაძარს აზერბაიჯანული მხარე ალბანურ ძეგლად მოიხსენიებს, რაც მტკნარი სიცრუეა. ყველაზე სამწუხარო ფაქტი კი არის ის, რომ ქართული მხარე ამასთან დაკავშირებით არანაირ ზომებს არ იღებს და დღემდე აზერბაიჯანულ მახარესთან მოლაპარაკებებიც კი არ დაწყებულა. სამწუხაროდ, მართლმადიდებელი მოსახლეობის სურვილის მიუხედავად დღემდე წირვა–ლოცვის აღვლენა იკრძალება. ვთხოვ ქართულ მხარეს დროულად მიიღონ ზომები ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი ჩემთვის ისეთივე ოკუპანტია როგორც რუსეთი _ მართმევს რაც ჩემია და თან მეუბნება – ეს არ არის შენი. დრო არ ითმენს, მსგავსი უყურადრებობა რაც დღეს არსებოსბ ამ ძეგლთან დაკავშირებით თუ ასევე გაგრძელდა კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. აზერბაიჯანული მხარე გაიმარჯვეს და შემდეგ რამის დამტკიცება შეუძლებელი გახდება.
არ დავუშვათ ქურმუხის დაკარგვა!
14.03.14
მზია ჯავშანაშვილი