საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე მთავარ პროკურატურაში აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზების საქმეზეა დაბარებული.
ბენდუქიძე უწყებაში დღეს, 11:00 საათზე, მოწმის სახით დასაკითხად არის დაბარებული. ამასთან დაკავშირებით
მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:
“2014 წლის 18 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება სსიპ “საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის” ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით, სსიპ ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის”” არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს “აგრომეტის”” კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს “აგრომეტის”” 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით. მაშინ, როდესაც შპს “აგრომეტის”” საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონების ღირებულებებიც”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე. არსებული ინფორმაციით, საქმე უნივერსიტეტის პრივატიზებას ეხება და გამოძიება სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით მიმდინარეობს.
18.03.14