არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართავენ.
როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 14 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სამინისტრომ შპს RMG Gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია მიღებული გადაწყვეტილება და მხოლოდ სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული მცირე განცხადებით შემოიფარგლა.
ამასთან, მათი შეფასებით, განცხადებაში აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ობიქტურობის შესახებ.
“შესაბამისად, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შპს RMG Gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, არასამთავრობოები სამინისტროს ასევე მიმართავენ, გამოაქვეყნოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად იქნა გამოყენებული.
18.03.14