ჩემს ძმასთან სულ კარგი ურთიერთობა მექნება და ამას არც ბიძინა ივანიშვილს და არც სააკაშვილს არ შევეკითხები, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას საპარლამენტო უცირესობის წარმომადგენელი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველის, ვენო მაჭავარიანის ძმა მიხეილ მაჭავარიანი.
მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ძმასთან ურთიერთბა ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა იდგა.
“ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მაღლა იდგა პოლიტიკაზეც და ასე უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რადგან ასე გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმაც. რაც შეეხება სოფელ ჭორვილას, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ვეპატიჟები ყველა ჟურნალისტს, რომ განახოთ, სად ვცხოვრობ, როგორ სახლში. პოლიტიკაში ყველაფერი გამიგია, თუმცა ჭორაობა – არა. ჩემი ძმის კარიერული წინსვლისთვის მე ხელი თუ შემიშლია, თორემ მას არასოდეს დავხმარებივარ. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ”, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
19.03.14