რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ბევრმა უკვე მონათლა ბოლო ოცწლეულის ყველაზე მწვავე საერთაშორისო კრიზისად, რომელმაც შესაძლოა ცივი ომის განახლებას დაუდოს საფუძველი. ბევრი ანალიტიკოსი უკრაინის კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზად რუსეთის მიმართ დასავლეთის არასწორ, ზედმეტად ტოლერანტულ პოლიტიკას მიიჩნევს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ისახავდა მიზნად და პუტინის რეჟიმის ნაკლოვანებებზე ხშირად ზედმეტად ხუჭავდა თვალს. ამასთან, დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთისადმი არასოდეს ყოფილა მარტივი და სწორხაზოვანი, არამედ იგი თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ეკლექტურ ასპექტებს და პოლიტიკურ მიმდინარეობებს. ამ მხრივ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დასავლეთის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში ჩამოყალიბებული ორი ძალიან გავლენიანი ბანაკი, რომლებიც დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ სრულიად განსხვავებულ ჭრილში აღიქვამენ. პირველი მათგანი რუსეთის მიმართ დიდ სიმპათიას იჩენს და რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას უჭერს მხარს, მეორე კი რუსეთისადმი უფრო ხისტი დამოკიდებულის მომხრეა.
რუსეთის მიმართ სიმპათიით განწყობილი ბანაკი ძირითადად ცივი ომის დროინდელი რეალპოლიტიკის მიმდევრებისგან და მემარცხენე ინტელექტუალური და პოლიტიკური წრეებისგან შედგება. მათი ლოგიკა სათავეს ცივი ომის დასრულებიდან იღებს, როდესაც დასავლეთი საბჭოთა კავშირის ბოლო ხელმძღვანელობას დაჰპირდა რომ საბჭოთა იმპერიის უსისხლოდ დაშლის სანაცვლოდ ნატო აღმოსავლეთით აღარ უნდა გაფართოებულიყო, ხოლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის უკრაინა და საქართველო, რუსეთის გავლენის ზონაში უნდა დარჩენილიყვნენ. თუმცა 1999 და 2004 წლებში ნატომ და ევროკავშირმა რუსეთისთვის მიცემული პირობა „დაარღვიეს“ და საკუთარი საზღვრები აღმოსავლეთით გადასწიეს. შესაბამისად გასაგებია რუსეთის რეაქციაც, რომელიც თავს მოტყუებულად და იზოლირებულად გრძნობს. მათი ლოგიკით, იმისათვის, რათა კრემლს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიღებული ტკივილი შეუმსუბუქდეს, საჭიროა დასავლეთმა უარი თქვას რუსეთის ყოფილ კოლონიებში ექსპანსიაზე და მოექცეს რუსეთს როგორც თანაბარ და საიმედო პარტნიორს. როგორც ვხედავთ, ამ ლოგიკის მიმდევრები ძირითადად აპელირებენ გეოპოლიტიკური ცნებებით, აღიარებენ რა რუსეთის ექსკლუზიურ ინტერესებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე და მოუწოდებენ დასავლეთს თავი შეიკავოს რუსეთის უმიზეზო გაღიზიანებისგან. მათი იდეალია გავლენის ზონებად დაყოფილი ევროპა ორი ძალის ცენტრით – რუსეთითა და ევროკავშირით. ამ მიმდინარეობის მთავარი აპოლოგეტები დღესდღეობით ძირითადად მოკალათებულნი არიან ევროპის მემარცხენე და ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიებში და ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა კვლევით ცენტრებში. რუსი ექსპერტების და პოლიტიკოსების უმრავლესობაც სწორედ ამ ჯგუფს განეკუთვნება.
რუსეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება როგორც წესი ახასიათებს დასავლეთის კონსერვატიულ-მემარჯვენე და ლიბერალურ ელიტებს. მათი არგუმენტაცია ეფუძნება საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების უზენაესობას და დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების ურყეობას. შესაბამისად ისინი რუსეთს საყვედურობენ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის უხეში დარღვევის, ადამიანის უფლებათა უგულვებელყოფის და ავტორიტარული მმართველობის გამო. მათი აზრით, რუსეთი დასავლეთის ნებისმიერ დათმობას ან თვალის დახუჭვას სისუსტედ აღიქვამს და უფრო აგრესიული ხდება. ამიტომ საჭიროა კრემლის მიმართ ერთიანი და ხისტი პოზიციის დაკავება ისეთ საკითხებზე როგორიცაა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი და ადამიანის უფლებები. მათი წარმომადგენლები ასევე ამართლებენ ნატოს და ევროკავშირის გაფართოებას აღმოსავლეთით, ვინაიდან იგი მომდინარეობდა უშუალოდ ამ ქვეყნების სურვილიდან, გამხდარიყვნენ დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილი. შესაბამისად, გამართლებულია აგრეთვე საქართველოსა და უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვის სურვილი. აქ ძირითადი გზავნილია, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის მდებარე პატარა ქვეყნებმა თავად უნდა აირჩიონ საკუთარი მომავალი და არ უნდა გახდნენ დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკური გარიგეგების მსხვერპლი.
დასავლეთის პოლიტიკა რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ სწორედ ამ ორ მიმართულებას შორის მუდმივი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ათი წლის მანძილზე განსაკუთრებით გამოიკვეთა პირველი მიმართულების უპირატესობა. ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობას ძირითადად ეკონომიკურ ჭრილში განიხილავდა. რუსეთის პოლიტიკურ ელიტასა და დასავლეთს შორის ცივი ომის დასრულების შემდეგ მჭიდრო და ორმხრივ მომგებიანი ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდა პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები სამშობლოში ნაშოვნ მილიარდებს ძირითადად დასავლეთ ევროპის ბანკებში და უძრავ-მოძრავი ქონების ბიზნესში აბანდებდნენ, რასაც ევროპელები ბუნებრივია სიხარულით ეგებებოდნენ. თუმცა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას აკლდა ერთი კომპონენტი – უსაფრთხოების ასპექტი. რუსეთის აგრესიულ კუნთების თამაშს ევროპა და აშშ სულ ბოლო დრომდე არ აღიქვამდნენ სერიოზულ გამოწვევად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. თვით 2008 წლის სამხედრო აგრესიაც კი საქართველოს წინააღმდეგ აღქმული იყო როგორც რუსეთის პოსტ-იმპერიული რეფლექსი, ერთგვარი ბოლის გამოშვება ნატოს გაფართოებისა და კოსოვოს აღიარების საპასუხოდ. შესაბამისად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ვერ იქონია მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაზე. ომიდან ერთი წლის შემდეგ აშშ-მ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო, რის შედეგადაც ამერიკის ურთიერთობამ რუსეთის მეზობელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან, და მათ შორის საქართველოსთან, გარკვეულწილად უკანა ფონზე გადაინაცვლა. შეჩერდა ასევე უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. აშშ-მ ფაქტობრივად უარი განაცხადა საქართველოს თავდაცვითი იარაღით მომარაგებაზე. ჩვეული ურთიერთობა განაგრძეს ასევე ევროკავშირმა და რუსეთმა, იმისდა მიუხედავად რომ რუსეთმა ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებული ხუთპუნქტიანი გეგმა არ შეასრულა. დღეს ბევრი დანანებით აღნიშნავს რომ დასავლეთის მაშინდელი არაადექვატური პასუხი დღევანდელი კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემთხვევაში არსებობდა ასევე კონფლიქტის ომამდელი ისტორია, რომელიც კრემლის იდეოლოგიურმა მანქანამ ოსტატურად დაიხვია ხელზე და დასავლეთს კონფლიქტის მისთვის სასურველი ალტერნატიული სურათი შესთავაზა. ეს დაეხმარა დასავლეთს რუსული აგრესიისადმი საკუთარი შემრიგებლური პოზიცია გაემართლებინა. თუმცა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები საბოლოოდ მაინც გაფუჭდა, რისი კატალიზატორიც სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია გახდა. ყირიმის კრიზისმა მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში. პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან მიმართებაში დასავლეთისთვის წამოიწია უსაფრთხოების საკითხი რომელმაც გარკვეულწილად გადაფარა რუსეთთან ურთიერთობის ეკონომიკური პრეფერენციები, რაც რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული.
პირველ ყოვლისა, ყირიმის ოკუპაციით საფრთხე შეექმნა დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმს. უკრაინამ 1994 წელს ე.წ. ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერით თანხმობა განაცხადა სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის სანაცვლად დაეთმო ბირთვული იარაღის მსოფლიოში სიდიდით მესამე არსენალი. გარანტორად უკრაინას დაუდგნენ რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი. დღეს რუსეთი ყირიმის ოკუპაციით სწორედ ამ პირობას არღვევს. ამით კი ფაქტობრივად ირღვევა ბირთვული გაუვრცელებლობის მსოფლიო რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს რომ ისეთ არასტაბილურ ქვეყნებს როგორებიც არიან ირანი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, საუდის არაბეთი და ა.შ. გაუჩნდებათ მყარი არგუმენტი საკუთარი ბირთვული იარაღის შესაქმნელად ან მათი რაოდენობის გასაზრდელად. დასავლეთის ამდენი ხნის მცდელობა გადაერწმუნებინა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რათა შეეწყვიტათ საკუთარი ბირთვული პროგრამები, ფაქტობრივად წყალში იქნება ჩაყრილი.
გარდა ამისა, ყირიმის კრიზისმა დასავლეთისთვის ბოლომდე მოჰფინა ნათელი რუსეთის ნეოიმპერიალისტურ ბუნებას. კერძოდ, ევროპისთვის და ამერიკისთვის აშკარა გახდა, რომ აგვისტოს ომი არ იყო ერთეული მოვლენა არამედ იგი წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიის ნაწილს, რომელიც დღეს გრძელდება უკრაინაში და ხვალ შეიძლება სხვა ქვეყნებიც მოიცვას.
ამასთან, ყირიმის ოკუპაცია მოჰყვა ე.წ. „ევრორევოლუციას“, რომლის დროსაც ხალხმრავალი დემონსტრაციების შედეგად ვიქტორ იანუკოვიჩის კორუმპირებული პრორუსული რეჟიმი დაემხო. აღნიშნული რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოტივი იყო იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების სანაცვლოდ. შესაბამისად, ევრორევოლუცია წარმოადგენს დასავლეთის „რბილი ძალის“ – ლიბერალური ღირებულებების, ევროპული ცხოვრების წესის და დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობის იდეათა გამარჯვებას რუსეთის კონსერვატიულ-ავტორიტარულ ღირებულებათა სისტემაზე. სწორედ ამის გამო დასავლეთისთვის მორალურად ძალიან რთული იქნება უკრაინის რუსეთის წინაშე მარტოდმარტო დატოვება.
ამ და სხვა ფაქტორებმა დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომის დაწყების მოლოდინი გააჩინა. რუსეთი, როგორც ჩანს, ყირიმის დათმობას არ აპირებს და შესაძლოა უკრაინის სხვა რეგიონებშიც შეიჭრას. დასავლეთი რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას თავს აარიდებს და შეეცდება კრემლის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები აამუშავოს. ამასთან დასავლეთის პასუხს უფრო საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ. დღეისათვის ცნობილია რომ ევროკავშირი მუშაობს რუსეთისგან ენერგო-დამოუკიდებლობის მოპოვების სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც რუსული გაზის იმპორტი უნდა ჩანაცვლდეს თხევადი და ფიქალის გაზის იმპორტით აშშ-დან, ყატარიდან, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან, შესაძლოა ასევე ირანიდან და ერაყიდან. ასევე იგეგმება ეკონომიკური და ფინანსური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მსგავსი სანქციები უკვე მოქმედებს უკრაინის ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ. რამდენიმე დღის წინ ავსტრიაში დააკავეს უკრაინელი ოლიგარქი დიმიტრი ფირტაში, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს პუტინის გარემოცვასთან და რუსეთიდან უკრაინაში გაზის იმპორტის სქემებში ფიგურირებს. ყირიმის კრიზისის ფონზე ასევე განახლდა საუბარი საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ, ხოლო რუსეთს დიდი რვიანიდან გარიცხვა და საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება. დასავლეთის ეკონომიკური სანქციებს, თუკი ისინი სრული მასშტაბით ამოქმედდება, სავარაუდოდ ძლიერ უარყოფითი ეფექტი ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც ენერგორესურსების ექსპორტით საზრდოობს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად შორს წავა რუსეთთან კონფრონტაციაზე დასავლეთი. რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების მხარდამჭერი ლობი კვლავაც ძალიან ძლიერია ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, მჭიდრო ენერგო და ეკონომიკური თანამშრომლობის გამო, და კიდევ უფრო მეტად დიდ ბრიტანეთში, რომელიც რუსი ოლიგარქების ერთგვარ ნავთსაყუდელს წარმოადგენს.
თუმცა როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ფაქტია რომ დასავლეთსა და რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს შორის ჩვეული ურთიერთობა აღარ აღსდგება. ერთ-ერთმა ევროპელმა ანალიტიკოსმა განვლილ ოცწლიან პერიოდს „ევროპის პოსტმოდერნული სიზმარი“ უწოდა, რომლიდანაც „ბებერი კონტინენტი“ ჯერ ფინანსურმა კრიზისმა, ხოლო შემდეგ საბოლოოდ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოაღვიძა.
22.03.14